ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც რეალმა ჰოლანდის ტრანსფერზე უარი თქვა

გაირკვა მიზეზები, თუ რატომ თქვა "რეალის" ხელმძღვანელობამ "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის გადაბირების იდეაზე უარი.
მადრიდული გრანდი ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის შეძენით იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბრძოლა "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena SER-ი იტყობინება, 21 წლის სუპერვარსკვლავის აწ უკვე გარდაცვლილ აგენტს, მინო რაიოლას უნდოდა, რომ ესპანურ კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი ჩაედო (150 მლნ ევრო), რომელიც მეორე სეზონიდან შევიდოდა ძალაში.
ამ პირობამ "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი არ დააკმაყოფილა, ამიტომაც რაიოლამ უარი მიიღო.
მოგეხსენებათ, ამჟამად ჰოლანდის კლაუსულა 75 მილიონს შეადგენს და "დორტმუნდი" "მანჩესტერ სიტისგან" სწორედ ამ თანხას მიიღებს.