ავტორიზაცია

გადაწყვეტილება მიღებულია — ვინ უხელმძღვანელებს მანჩესტერ იუნაიტედს სეზონის ბოლო მატჩში?

გადაწყვეტილება მიღებულია — ვინ უხელმძღვანელებს მანჩესტერ იუნაიტედს სეზონის ბოლო მატჩში?
თარიღი 17 მაი 2022, 11:07

ერიკ ტენ ჰაგი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად მუშაობის ბოლო კვირაში რალფ რანგნიკის საქმეში არ ჩაერევა.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN იტყობინება, მანიკუნიანელთა ახალი დამრიგებელი გერმანელ სპეციალისტს, რომელიც "ეშმაკუნების" დროებითი თავკაცია, "ხელს არ შეუშლის".

ტენ ჰაგს გუნდის ფორმირებაზე მუშაობის დაწყება უკვე უნდა, აგრეთვე ტაილანდსა და ავსტრალიაში საზაფხულო ტურების დაგეგმვა, მაგრამ "კრისტალ პალასთან" მატჩამდე რანგნიკის საქმეზე გავლენას არ მოახდენს. აღნიშნულ შეხვედრამდე ერიკი ჰოლანდიიდან იმუშავებს დისტანციურად.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასს" კვირას, 22 მაისს დაუპირისპირდება. მანიკუნიანელები გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს გაინაღდებენ და ევროპა ლიგის საგზურს დაისაკუთრებენ.

აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან "ემიუს" 52 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი გაწვრთნის, ეს უკანასკნელი 2017 წლის დეკემბრიდან ამსტერდამის "აიაქსს" ედგა სათავეში.