იბრაჰიმოვიჩი: "ბოლო 6 თვე ჯვარედინი მყესების გარეშე ვთამაშობდი, ასეთი ტკივილი არასოდეს ამიტანია"

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მარცხენა ფეხის მუხლის ტრავმასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ ისაუბრა.
"ბოლო 6 თვე ჯვარედინი მყესების გარეშე ვთამაშობდი. შეშუპებული მუხლით. ამ დროის მანძილზე გუნდთან ერთად მხოლოდ 10-ჯერ ვივარჯიშე", - წერს შვედი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.
"უკანასკნელ ექვს თვეში 20-ზე მეტი ინექცია გავიკეთე. ტკივილგამაყუჩებლები ყოველდღე. ტკივილის გამო პრაქტიკულად არ მეძინა".
"არასოდეს ამიტანია ამდენი ტკივილი მოედანზე და მის მიღმა. რაღაც შეუძლებელი შესაძლებელი გავხადე. გონებაში მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა: თანაგუნდელები და მწვრთნელი იტალიის ჩემპიონები გამეხადა, რადგან მათ პირობა მივეცი".
"დღეს ახალი ჯვარედინი მყესები და კიდევ ერთი ტიტული მაქვს", - დასძინა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, 2021/22 წლების სეზონში ზლატანმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა. "მილანთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მას ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა "როსონერიში".