ავტორიზაცია

"ცხადია, არ გავყიდით, დაუმუშავებელი ალმასია", - მალდინიმ მილანის ხელშეუხებელი ფეხბურთელი დაასახელა

"ცხადია, არ გავყიდით, დაუმუშავებელი ალმასია", - მალდინიმ მილანის ხელშეუხებელი ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 02 ივნ 2022, 13:48

"მილანის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ კლუბი თავდამსხმელ რაფაელ ლეაოს არ გაყიდის.

"რა თქმა უნდა, არ იყიდება. ჯერ კიდევ დაუმუშავებელი ალმასია, რომელიც წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. "ლილიდან" 24 მილიონ ევროდ ვიყიდეთ და მაშინვე 150 მილიონი ჩავწერეთ მისი გამოსასყიდი თანხის პუნქტში, რადგან ამ ფეხბურთელის გვჯეროდა".

"პოტენციურად ყოველთვის დიდებული ჩემპიონი იყო, თუმცა განვითარების პროცესი უნდა გააგრძელოს, რაც ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ გაიარა. ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ამ გზაზე დახმარება სჭირდება და ხშირად ვესაუბრები".

"ცხადია, თუ მომავალში "მილანი" ლეაოს დონეს ვერ დააკმაყოფილებს ან პირიქით, ლეაო არ იქნება "მილანის" დონის შესაფერისი, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. თუმცა, ამ დროისთვის, ფეხბურთელისა და კლუბის ზრდა ექსპონენტურია", - ციტირებს მალდინის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

2021/22 წლების სეზონში ლეაომ, რომელსაც "მილანთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის პორტუგალიელი შემტევისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს მადრიდის "რეალი".