განაჩენი ძალაში დარჩა — ბენზემამ ვალბუენას შანტაჟის საქმეზე შეტანილი საჩივარი უკან გამოიტანა
"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერით ნახევარმცველ მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე აპელაცია უკან გამოიტანა.
სასამართლო სხდომა მაისის ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ 34 წლის ფრანგმა თავისი განაჩენის (ერთწლიანი პირობითი სასჯელი და 75 ათას ევროიანი ჯარიმა) გასაჩივრება გადაიფიქრა - შესაბამისად, სასჯელი ძალაში რჩება.
შეგახსენებთ, გამოძიების მტკიცებით, 2015 წელს ბენზემა შუამავლის როლს ასრულებდა და ვალბუენას მოუწოდებდა შანტაჟისტებისთვის გარკვეული ოდენობის თანხა გადაეხადა, რათა ინტიმური ხასიათის ვიდეო არ გაევრცელებინათ, სადაც მატიე მონაწილეობდა.
აღნიშნული სკანდალის გამო, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ, ორივე ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს.
ბენზემას ეროვნულ გუნდში მას შემდეგ აღარ იძახებდნენ, მაგრამ 2021 წელს "მამლების" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დააბრუნა და ევრო 2020-ზე ითამაშა.