ავტორიზაცია

ერთადერთი კლუბი, რომლის გამოც ნეიმარი მზად არის პსჟ დატოვოს

ერთადერთი კლუბი, რომლის გამოც ნეიმარი მზად არის პსჟ დატოვოს
თარიღი 23 ივნ 2022, 21:10

მოგეხსენებათ, ესპანელმა ჟურნალისტმა, ხოსე ალვარესმა El Chiringuito-ს ეთერში გაამხილა, რომ "ბარსელონას" "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენა შესთავაზეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს 30 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის დაბრუნება 50 მილიონ ევროდ შეუძლია. ეს საბოლოო ფასი არ არის - ვაჭრობა შესაძლებელია.

"ბარსას" "პსჟ" შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა. ერთ-ერთი მათგანი ნეიმარის აგენტი, პინი ზაჰავია, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. სწორედ ზაჰავი ცდილობს "ბლაუგრანაში" "ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის მიყვანას.

როგორც "ბარსელონაში" განაცხადეს, ამ ზაფხულს ნეიმარის 50 მილიონად ყიდვა შესაძლებელია და ეს თანხა ჯერ კიდევ განსახილველია. მათ უთხრეს, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პრობლემები არ შეიქმნება. თავის მხრივ, ნეიმარი დაბრუნებაზე თანახმაა. "ბარსა" ერთადერთი კლუბია, რომლის გამოც იგი მზად არის "პსჟ"-დან წავიდეს. კატალონიელებს მისი შეძენა უკვე არაერთხელ შესთავაზეს.

"ამჟამად "ბლაუგრანა" ამ ვარიანტს არ განიხილავს, რადგან ლევანდოვსკის ტრანსფერზეა კონცენტრირებული, მაგრამ ლაპორტას პინისთან და ნეიმართან კარგი ურთიერთობა აქვს, ამიტომაც, შესაძლოა, პროექტის ლიდერის როლი სწორედ ნეიმარს ანდონ", - თქვა ალვარესმა.

აქამდე არსებული ცნობით, სამხრეთამერიკელი "პსჟ"-ს ყატარელი ხელმძღვანელებისა და პარიზელთა ახალი სპორტული დირექტორის, ლუიშ კამპუშის სამომავლო გეგმებში არ შედის.

გასულ სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს ღირსება 28 შეხვედრაში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასიც გააკეთა.