ავტორიზაცია

"Hala Madrid", - ასე გააცილეს ბაიერნის ფანებმა მიუნხენში დასამშვიდობებლად ჩასული ლევანდოვსკი კლუბის ბაზიდან

თარიღი 02 Aug 2022, 19:19

"ბარსელონას" ახალწვეული, რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნის" წევრებთან დასამშვიდობებლად მიუნხენში ჩავიდა.

როგორც ჟურნალისტი, ფილილ კესლერი იუწყება, დღეს დილით პოლონელი სუპერვარსკვლავი "რეკორდმაისტერის" ბაზაზე მივიდა. იგი ჯერ გუნდის გასახდელს ეწვია და ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა, შემდეგ კი მწვრთნელებსა და კლუბის ფიზიოთერაპევტებს ესაუბრა.

ამის შემდეგ ლევანდოვსკი "ბაიერნის" სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს ერთი-ერთზე დაელაპარაკა, ესაუბრა კლუბის გენერალურ დირექტორ ოლივერ კანსაც. გარდა ამისა, რობერტი "ბაიერნის" მუზეუმს ესტუმრა.

ჟურნალისტი კერი ჰაუ ამატებს, რომ იმ მომენტში, როცა ლევანდოვსკი გერმანიის მოქმედი ჩემპიონის ბაზას ტოვებდა, შესასვლელთან მდგარმა რამდენიმე გულშემატკივარმა დაიყვირა: "Hala Madrid". ფორვარდმა საპასუხოდ ავტომობილიდან ხელი გამოყო და დიდი თითი უჩვენა.