ავტორიზაცია

BREAKING: სკანდალი ბარსელონაში - ხელმძღვანელობა დე იონგს სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრება

BREAKING: სკანდალი ბარსელონაში - ხელმძღვანელობა დე იონგს სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრება
თარიღი 08 Aug 2022, 21:47

„ბარსელონას“ ფრენკი დე იონგის მოქმედი კონტრაქტის ანულირება სურს.

The Athletic-ის ინფორმაციით, კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს ამცნო, რომ მისი მოქმედი ხელშეკრულების განულება სურს და იმ პირობებზე დაბრუნება, რომელიც მან გუნდთან პირველი კონტრაქტის გაფორმებისას შეათანხმა, როცა გუნდში „აიაქსიდან“ გადმოდიოდა.

„ბარსელონამ“ დაადგინა, რომ წინა ხელმძღვანელობამ დე იონგთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისას კანონი დაარღვია და ფეხბურთელს ემუქრებიან, რომ თუ ის ძველ პირობებზე დაბრუნებაზე უარს იტყვის, საქმე სასამართლომდე მივა, რომელიც ახალი კონტრაქტის თაობაზე გამოძიებას ჩაატარებს.

სანდო ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი წერს, რომ 15 ივლისს, „ბარსელონამ“ წერილობითი ფორმით გააფრთხილა დე იონგი, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს გახანგრძლივებულ კონტრაქტში სერიოზული დარღვევები იქნა აღმოჩენილი.

მაშინ, „ბარსამ“ და ფეხბურთელმა ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივებაზე მოილაპარაკეს - რის შემდეგაც, დე იონგი კლუბთან 2026 წლამდეა დაკავშირებული.

ახალი კონტრაქტის მიხედვიტთ, დე იონგის ხელფასი 2020/21 და 2021/22-სეზონებში დაქვეითებული იქნება, ხოლო წინა კონტრაქტიდან კუთვნილ 18 მილიონ ევროს ფეხბურთელი მომდევნო ოთხი სეზონის მანძილზე მიიღებს.

ანალოგიური კონტრაქტები მაშნვე გააფორმეს ჟერარ პიკემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და კლემან ლანგლემ.

ივლისში ფეხბურთელის მისამართით გაგზავნილ წერილში „ბარსელონამ“ ხაზი გაუსვა, რომ მზადაა სასამართლომდე მიიტანოს საქმე, რომელიც დაადგენს, როგორი პირობებით და რა ვითარებაში გაფორმდა ჰოლანდიელის ახალი კონტრაქტი.

ამრიგად, „ბლაუგრანას“ 2020 წელს გაფორმებული კონტრაქტის ანულირება სურს, რის შემთხვევაშიც დე იონგში გუნდში იმ პირობებით დარჩება, რომელიც 2019 წელს შეათანხმა „აიაქსიდან“ გადმოსვლის დროს.
თავის მხრივ, „ბარსას“ წინა ხელმძღვანელობა დარწმუნებულია ამ ახალი კონტრაქტის კანონიერობაში. კლუბის ექს-ბოსები ამტკიცებენ, რომ ის ლა ლიგის და იურისტების თანხმობის შემდეგ იქნა გაფორმებული.

კატალონიური კლუბის წყაროები ვარაუდობენ, რომ ამ წერილის შემდეგ „ბარსას“ და დე იონგის გარემოცვას შორის შედგა დიალოგი, რომლის დროსაც ხელმძღვანელობამ თავისი წინამორბედები კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და ფეხბურთელიც გააფრთხილა, რომ ისიც შესაძლოა კანონდარღვევის მონაწილედ მიიჩნიონ.

იგივე საკითხზე კლუბი პიკეს და ტერ შტეგენსაც გაესაუბრა (ლანგლეს - არა), თუმცა უცნობია, გააფრთხილეს თუ არა ეს ფეხბურთელებიც, რომ ისინიც, შესაძლოა, კანონდამრღვევად იქნენ წარმოჩენილნი.

„ბარსელონას“ სერიოზული ფინანსური პრობლემების ფონზე, დე იონგის სხვა კლუბში გაყიდვა სურს. თუ ფეხბურთელს დარჩენა უნდა, მაშინ კორონავირუსის დროს კლუბის მხრიდან წარმოჩენილი დავალიანების აღებაზე უარი უნდა თქვას. ამ დრომდე, მხარეები კომპრომისამდე ვერ მიდიან.