"მესისთან შედარება უადგილოა ხოლმე, მაგრამ კვარას შემთხვევაში...",- იტალიელი ჟურნალისტი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" "ნაპოლის" დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ იტალიელმა ჟურნალისტმა სიმონე ბერნაბეიმ TMW-ზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. ის სხვა თემებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსაც შეეხო.
"ბოლო პერიოდში ლიონელ მესის არაერთი ფეხბურთელი შეადარეს. ზოგჯერ შედარება უადგილოც იყო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში ასე არ არის. ნაპოლის მოულოდნელი ტრანსფერი, რომელზეც კლუბი გარკვეული დროის განავლობაში მუშაობდა. დე ლაურენტისმა ამას წინ თქვა, რომ რუბინი 25 მილიონზე ნაკლებს არ ითხოვდა.
ობიექტურად, 2001 წელს დაბადებული ტალანტისთვის, რომელიც რუსეთში თამაშობს, ეს დიდი თანხაა. ბევრია ნაპოლისთვისაც, მაგრამ ასევე იუვენტუსისა და ბევრი სხვა ინგლისური კლუბისთვისაც, რომლებსაც ინტერესი გააჩნდათ. სწორ მომენტში ტრანსფერი შედგა და ახლა ევროპა ხვიჩას თამაშით სიამოვნებას იღებს. ბევრისთვის მისი გვარი რთულად წარმოსათქმელი იყო, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა.
სერია ა-ში ის უკვე გავიცანით - რამდენიმე მატჩით მისი თვისებები დავინახეთ. მეორეს მხრივ, ინგლისში ამ ყველაფერზე ცოტა იცოდნენ... გუშინდელ ღამემდე. რადგან ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე თავის სადებიუტო მატჩში დიდებული ფეხბურთელივით გამოიყურებოდა. ახლა უკვე ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელის ყოლა. ნაპოლი ხვიჩასთან ერთად დიდებისკენ მიისწრაფვის - იტალიასა და ახლა უკვე ევროპაშიც " , - წერს იტალიელი ჟურნალისტი.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი