"გუნდში ძალიან ჯანსაღი კონკურენციაა "- გურამ კაშია
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი წლის ბოლო ოფიციალურ საშინაო მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. 26 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარში ითამაშებს.
დღევანდელი საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, წლის დასკვნით ოფიციალურ მატჩებთან დაკავშირებით, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა.
გურამ კაშია (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): „ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კარგი გუნდია. ჯგუფში ჩვენი კონკურენტები არიან დღესაც. ვფიქრობ, რთული თამაში იქნება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მუხტია ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის. აუცილებლად ვეცდებით, რომ თამაში მოვიგოთ, რადგან ძალიან გვსურს ჯგუფური ეტაპის თბილისში მოგება.
ძალიან ჯანსაღი კონკურენციაა გუნდში, ყველა მეგობრულად არის განწყობილი ერთმანეთთან, რაც ძალიან სასიამოვნოა. კარგია ასეთ გუნდში მუშაობა. ბევრმა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი განიცადა და ეს ძალიან წაადგება ჩვენ ნაკრებს".
Nakrebi.ge