ავტორიზაცია

[პრევიუ] შარშანდელი ფინალის გამეორება და ხვიჩას პირველი პლეიოფი! დიდებული დღე ჩემპიონთა ლიგაზე

[პრევიუ] შარშანდელი ფინალის გამეორება და ხვიჩას პირველი პლეიოფი! დიდებული დღე ჩემპიონთა ლიგაზე
თარიღი 21 თებ 2023, 11:35
დღეს სამშაბათია, 21 თებერვალი, რაც იმას ნიშნავს რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო დღე გაიმართება. ქართველი გულშემატკივრისთვის კი, უპირობოდ საუკეთესო.

თბილისის დროით 23:55 საათზე ორი შეხვედრა გაიმართება: ხვიჩა კვარცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად ევროპა ლიგის შარშანდელ გამარჯვებულ „აინტრახტს“ დაუპირისპირდება, პარალელურად კი ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალის გამეორებას „ენფილდი“ უმასპინძლებს.

„აინტრახტი“ – „ნაპოლი“

გერმანულ გუნდს მიმდინარე სეზონი არასტაბილური აქვს - გუნდი ოთხეულისთვის იბრძვის და ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა კარგ შედეგებს მოუგებელი სერიებით ანაცვლებს. შედარებისთვის, ჩემპიონატის ბოლო 5 შეხვედრაში „აინტრახტს“ 2 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი აქვს, შედეგად კი 38 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს. გუნდი თავადაც ნორმალური რაოდენობის გოლებს იტანს და არც საკუთარ კარს იცავს პრაიმ იტალიის ნაკრებივით, 21 მატჩში 42 გატანილი და 29 გაშვებული გოლიც სწორედ ამას მოწმობს.

ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტელები ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი და გაუგებარი ჯგუფის მონაწილენი იყვნენ, სადაც ბოლო წამამდე ყველას ჰქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი. ბოლო ტურის მატჩებში, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე „ფრანკფურტი“ გარეთ რჩებოდა, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილზე მაინც გავიდა.

„ნაპოლიზე“ ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც აქამდე არ იცით - გუნდი თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს და ისტორიული შედეგების ზღვარზე დგას - გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში არასდროს არ უთამაშია და ამ მხრივ სტატისტიკის გამოსწორების კარგი შანსი აქვს, რადგან „აინტრახტთან“ ბრძოლაში ფავორიტად მოიაზრება.

ჩემპიონატში ლუჩიანო სპალეტის საქმე იდეალურად აქვს - 23 ტურში გუნდმა 20 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი დააფიქსირა და უახლოეს მდევარ „ინტერს“ მთელი 15 ქულით უსწრებს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნეაპოლელთა ლოდინი უნდა დასრულდეს და გუნდმა ჩემპიონობა წელს უნდა ჩაიწეროს. თუმცა, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.

ურთიერთშეხვედრები:

ისტორია ამ ორი გუნდის მხოლოდ ორ მატჩს მოითვლის - ორივე შორეულ 1994 წელს შედგა და მაშინ გერმანულმა გუნდმა ორივეჯერ ერთნაირი ანგარიშით, 1:0 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები:

აინტრახტი“: ტრაპი, სმოლჩიჩი, ნდიკა, ტუტა, ბუტა, კამადა, სოუ, მაქსი, ლინდსტორმი, გიოტზე, კოლო მუანი

ნაპოლი“: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, რუი, ლობოტკა, ანგისა, ზიელინსკი, კვარაცხელია, ლოსანო, ოსიმენი.

„ლივერპული“ – „რეალი“



წინა სეზონში ეს ორი გუნდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით ინგლისურ გუნდში - თუ შარშან კლოპის ბიჭებს 4-ვე ტიტულის მოგებამდე რამდენიმე მატჩი აშორებდათ, ახლა სიტუაცია სრულიად შეიცვალა და გუნდს ოთხეულში შესვლაც საოცნებო აქვს.

მიმდინარე სეზონში გუნდს დეკემბერში ჰქონდა იმაზე ჯამში უფრო მეტი თამაში წაგებული, ვიდრე მთელ წინა კამპანიაში - ამჟამად გუნდი 35 ქულით მე-8 ადგილს იკავებს და ოთხეულში 7 ქულით ჩამორჩება. ეს კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი შეხვედრა გუნდმა მოიგო, თითქოს ცოტა ფორმაში შევიდა და სიტუაცია გაიუმჯობესა.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ ყველაზე რეალური შანსი „ლივერპულისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად - ტურნირის წელსვე მოგებაა, თუმცა ამის შანსები მცირდება, როცა მეტოქედ ტურნირის რეკორდსმენი და მოქმედი გამარჯვებული გყავს.

„რეალსაც“ არ აქვს საქმე სახარბიელოდ - მართალია, გუნდი ჯერ ყველა ფრონტზე იბრძვის და წელს უკვე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოასწრო, ლა ლიგაში „ბარსა“ 8 ქულით გაიქცა წინ და ასეთი დიდი სხვაობა პრიმერაში არასდროს არავის გაუნიავებია.

„რეალს“ დღეს ტონი კროოსი და ორელიან ჩუამენი ვერ დაეხმარებიან, „ლივერპულს“ კი - ტიაგო და კონატე, ანუ საკადრო პრობლემები ორივე გუნდში არის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლივერპული“: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ფაბინიო, ბაიჩეტიჩი, სალაჰი, ფირმინო, გაკპო

რეალი“: კურტუა, კარვახალი, რუდიგერი, მილიტაო, ალაბა, მოდრიჩი, კამავინგა, სებალიოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.