ავტორიზაცია

აქტიური ზაფხული იგეგმება - ცნობილია რეალის გეგმები სატრანსფერო ბაზარზე

აქტიური ზაფხული იგეგმება - ცნობილია რეალის გეგმები სატრანსფერო ბაზარზე
თარიღი 20 May 2023, 00:08
„რეალში“ აქტიური სატრანსფერო ზაფხული იგეგმება.

AS-ის ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს ბევრი პოზიციის გაძლიერება სურს, რათა განახლებული „სანტიაგო ბერნაბეუს“ გახსნისთვის „სუპერგუნდი“ ჰყავდეს.

კერძოდ, „რეალი“ ეცდება დაიმატოს კარგი თავდამსხმელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში კარიმ ბენზემას შეცვლა შეეძლება. 2024-ს ზაფხულში, როცა ფრანგის კონტრაქტი ამოიწურება, კლუბს ენდრიკი შეუერთდება.

ფლორენტინო პერესის და კარლო ანჩელოტის შეხვედრაზე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება, ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება განხილული.

ტონი კროოსთან და ლუკა მოდრიჩთან ახალი კონტრაქტები უკვე შეთანხმებულია, დანი სებალიოსთან და ნაჩოსთან კი - ჯერ არა, მაგრამ „რეალში“ ფიქრობენ, რომ ესეც მოგვარებადია. განსხვავებულად გამოიყურება მარკო ასენსიოს მდგომარეობა, რომელსაც პრემიერ ლიგიდან სთავაზობენ ისეთ ხელფასს, რომლის გამეორებაც მადრიდელებს არ შეუძლიათ.

„რეალი“ მოისმენს შემოთავაზებას ფერლან მენდის თაობაზეც. მარიანო დიასს კონტრაქტი ეწურება და ის გუნდიდან აუცილებლად წავა. ასევე, კლუბის გეგმებში არ შედის ედენ აზარიც, მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელი წასვლას არ აპირებს.

პერესის და ანჩელოტის შეხვედრაზე ასევე განიხილავენ პოტენციური ტრანსფერებიც. „რეალს“ სურს გამოცდილი მეკარის მოყვანა, რომელსაც ტიბო კურტუას შეცვლა შეეძლება. ანდრეი ლუნინს კი გუნდის დატოვება მცირე სათამაშო დროის გამო სურს.

გარდა ამისა, „რეალი“ ფლანგის მცველების, ორი ნახევარმცველის და ფორვარდის დამატებას ისურვებდა. სამიზნეებს შორის არიან ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), რის ჯეიმსი (ჩელსი) და ალფონსო დევისი (ბაიერნი).

ფორვარდის პოზიციის გაძლიერება ყველაზე რთული იქნება, რადგან ვარიანტები ბაზარზე ძალიან ცოტაა, დღეს დაიწერა 33 წლის ვეტერანი ესპანელის, ხოსელუს ვარიანტის შესახებ.