ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ


ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ

1 კვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და დღეს კიდევ ორი პირველი მერვედფინალური მატჩი გაიმართება.

კვირის მთავარი პაექრობა "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება, სადაც ძველი მეტოქეები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთმანეთის წინააღმდეგ კვლავ წარსდგებიან და ბრწყინვალე ევროპული საღამოს შექმნას ეცდებიან.

ჩელსი - ბარსელონა

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: ჩიუნეტ ჩაქირი

პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორი სენსაციური მარცხის შემდეგ "ჩელსიმ" ხასიათი გამოიკეთა და ბოლო ორი თამაში დამაჯერებლად მოიგო. გასულ უქმეებზე ანტონიო კონტეს გუნდმა ასოციაციის თასზე "ჰალი" 4:0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდა.

"არისტოკრატებს" დაცვაში და მოედნის ცენტრში პრობლემები აქვთ, სამაგიეროდ წინა ხაზი შესანიშნავად გამოიყურება - ვილიანი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, ედენ აზარმა მშვენიერი ფორმა აკრიფა და ალვარო მორატაც მწყობრშია.

ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ

"ლურჯებმა" ჯგუფურ ეტაპზე არადამაჯერებელი თამაში აჩვენეს და ამ ეტაპზე იდეალურ ფორმაში არ არიან, მაგრამ კონტე ჭკვიანი სპეციალისტი, რომელსაც ფლეი-ოფის თამაშებისთვის გუნდის შესაბამისად განწყობა და მომზადება შეუძლია.

გავიხსენოთ ინიესტას გოლი ჩელსის კარში


კატალონიის "ბარსელონამ" ფენომენალური ტემპი ბოლო პერიოდში ცოტათი შეაჩერა, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს გუნდი კვლავ დაუმარცხებელია და ეროვნულ ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

გასულ უქმეებზე "ბლაუგრანამ" სტუმრად "ეიბარი" ზედმეტი ძალების დახაჯრვის გარეშე 2:0 დაამარცხა და ახლა კატალონიელები სრულიად ჩემპიონთა ლიგაზე იქნებიან კონცენტრირებულნი.

ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ

მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" დაცვაში ძალიან საიმედოდ და დამაჯერებლად მოქმედებს. ჯგუფურ ეტაპზე კატალონიურმა გრანდმა მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა და "სტემფორდზე" კარგი შედეგის მოპოვებას ეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები

ლონდონურ კლუბს ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, დავიდ ლუისი, ვერ დაეხმარება. საეჭვოა როს ბარკლისა და ტემუ ბაკაიოკოს თამაშიც, მაგრამ ისინი ძირითადში ალბათ მაინც ვერ მოხვდებიან.

"ბარსელონას" კი არანაირი საკადრო პრობლემა არ აქვს, ერთადერთი ნელსონ სემედოა დისკვალიფიკაცირებული.

ჩელსი: კურტუა; მოზესი, ასპილიკუეტა, კეჰილი, კრისტენსენი, ალონსო; კანტე, ფაბრეგასი; ვილიანი, მორატა, აზარი.
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: -

ბარსელონა: ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პაულინიო; ინიესტა; მესი, სუარესი.
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: -

საინტერესო ფაქტები

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და საინტერესო ორთაბრძოლა 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - "ჩელსი" კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ.

ეს გუნდები ერთმანეთს სულ 12-ჯერ შეხვდნენ და ყველა მატჩი 21-ე საუკუნეში ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა და უპირატესობა ინგლისელებს აქვთ: 4 მოგება, 5 ფრე და 3 მარცხი.

ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ

ამ გუნდების ბოლო პაექრობა 2011/12 წლების სეზონში ნახევარფინალურ ეტაპზე გაიმართა და "ჩელსიმ" იმარჯვა (1:0 ლონდონში, 2:2 ბარსელონაში). საბოლოოდ "არისტოკრატებმა" ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიპოვეს.

ამ გუნდების ყველაზე სკანდალური დაპირისპირება კი 2008/09 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიმართა. "კამპ ნოუზე" უგოლო ფრის შემდეგ "სტემფორდზე" გუნდებმა საოცარი ბრძოლა გამართეს, რომელიც 1:1 დასრულდა და ანდრეს ინიესტამ ბოლო წუთზე გატანილი გოლით პეპ გვარდიოლას გუნდი ფინალში გაიყვანა, რომელიც "ბარსამ" მოიგო.

გავიხსენოთ 2009 წლის მატჩში, მსაჯის შეცდომები


ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ

"ჩელსისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ფლეი-ოფის ეტაპზე 5-ჯერ გაიმართა და მომდევნო ეტაპზე სამჯერ "ბარსელონა" გავიდა. 2005/06 წლების სეზონში "ბლაუგრანამ" ლონდონური კლუბი სწორედ 1/8 ფინალურ ეტაპზე დაამარცხა (2:1 სტუმრად, 1:1 შინ), მაგრამ "ჩელსიმ" 1 წლით ადრე იმავე ეტაპზე იმარჯვა - 1:2 ბარსელონაში და 4:2 საკუთარ მოედანზე.

ამ გუნდების გზა პირველად 1999/00 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, გადაიკვეთა. ლონდონში ჯანლუკა ვიალის გუნდმა სენსაციურად 3:1 იმარჯვა, მაგრამ ესპანეთში "ბარსამ" რევანში აიღო და დამატებით დროში მეტოქე 5:1 გაანადგურა.

2006/07 წლების სეზონში კი "ჩელსი" და "ბარსელონა" ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. ლონდონში "ჩელსიმ" 1:0 იმარჯვა, ხოლო კატალონიაში მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ

"ბარსელონა" ეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ზედიზედ მე-11-დ გავიდეს, ხოლო "ჩელსიმ" მერვედფინალის ბარიერი ბოლო 5 წელიწადში მხოლოდ ერთხელ გადალახა.

ლონდონური კლუბის სტატისტიკა მერვედფინალურ ეტაპზე დადებითია: 8 მოგება და 4 ფრე. თუმცა ბოლო ორ სეზონში (2014/15 და 2015/16) "არისტოკრატები" ამ სტადიაზე "პსჟ-სთან" დამარცხდნენ.

"ჩელსის" საკუთარ მოედანზე ესპანური კლუბების წინააღმდეგ მშვენიერი მაჩვენებელი აქვს: 9 მოგება, 5 ფრე და 2 წაგება.

"ბარსელონას" კი ინგლისში თამაში ზოგჯერ გამოსდის, ზოგჯერ არა: 9 მოგება, 8 ფრე და 15 მარცხი.

პედრო როდრიგესი და სესკ ფაბრეგასი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ. პედრო "ბარსელონას" ღირსებას 2008-2015 წლებში იცავდა, სესკი კი - 2011-14 წლებში.

ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ

ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსის" კარში გოლი არასოდეს გაუტანია.

ამ დიდი ბრძოლის პარალელურად მიუნხენში იუპ ჰაინკესის "ბაიერნი" თურქულ "ბეშიქთაშს" მიიღებს და ეცდება, რომ ფავორიტის სტატუსი განიმტკიცოს.

გავიხსენოთ მესის პენალტი ჩელსისთან, 2012 წელი


ბაიერნი - ბეშიქთაში

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "მიუნხენ არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი

მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება - 13 მატჩიანი გამარჯვებათა სერია და 100%-იანი მაჩვენებელი 2018 წელს.

გარდა ამისა, იუპ ჰაინკესის გუნდს გასულ უქმეებზე ტიაგო ალკანტარა დაუბრუნდა და "ბაიერნი" "ბეშიქთაშთან" პირველ მატჩს სრული შემადგენლობით ხვდება.

ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ

"რეკორდმაისტერმა" ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ მერვედფინალში შედარებით იოლი მეტოქე შეხვდა და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სტამბოლში რთული გასვლისთვის საქმე არ გაირთულოს.

"ბეშიქთაშმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენა და ევროპის წამყვანი ჩემპიონატების კლუბები ძალიან დამაჯერებლად ჩამოიტოვა. თურქებს კენჭისყრაში არ გაუმართლათ, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

ჩემპიონთა ლიგა: ძველი მტრები კვლავ ერთმანეთის პირისპირ

სენილ გიუნეშის გუნდს თურქეთის სუპერ ლიგაში რთული მდგომარეობა აქვს და მხოლოდ მე-4 იკავებს, მაგრამ იქ ბრძოლა ძალიან დაძაბულია, ამიტომ "ბეშიქთაში" ცუდ განწყობაზე არ არის, თანაც გუნდს ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, მათ შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი პეპე.

სავარაუდო შემადგენლობები

მიუნხენურ გრანდს მხოლოდ მანუელ ნოიერი დააკლდება, დანარჩენები კი მწყობრში არიან.

"ბეშიქთაშს" მიუნხენში ოთხი მოთამაშე არ გაჰყვა: კავლაკი (მხარი), ატინჩი (მუხლი), ტორი (მუხლი) და ტოშიჩი (იდაყვი).

ბაიერნი: ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; ვიდალი, ხამესი; კომანი, მიულერი, რობენი; ლევანდოვსკი.
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: კიმიხი, რუდი, ტოლისო.

ბეშიქთაში: ფაბრი; გიონული, პეპე, ვიდა, ადრიანო; ჰატჩინსონი, მედელი; კვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი; ვაგნერ ლავი.
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: არსლანი, ერკინი, ტალისკა.

საინტერესო ფაქტები

მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მე-14-დ იასპარეზებს და ეცდება, რომ მეოთხედფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდეს.

"ბეშიქთაში" კი გახდა პირველი თურქული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა - "არწივებმა" ქვეჯგუფში "პორტუს", "ლაიფციგსა" და "მონაკოს" აჯობეს.

ეს არის ერთადერთი მერვედფინალური წყვილი, რომელშიც ორივე გუნდი საკუთარი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე 1997/98 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა. გერმანულმა გრანდმა ორივე თამაში 2:0 მოიგო და ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა, "ბეშიქთაში" კი მესამე პოზიციაზე გავიდა.

მიუნხენურ გრანდს 1/8 ფინალურ ეტაპზე კარგი სტატისტიკა აქვს: 10 მოგება და 3 მარცხი. ბოლოს "ბაიერნმა" ეს ეტაპი 2010/11 წლების სეზონში ვერ გადალახა, როდესაც შინ გაშვებული მეტი ბურთის გამო მილანის "ინტერთან" (სტუმრად 1:0 და შინ 3:2) გამოვარდა.

1997 წლის "ბეშიქთაშთან" თამაშების გარდა "ბაიერნი" თურქულ კლუბს 1972/73 წლების ჩემპიონთა თასის პირველ წრეში შეხვდა. მეტოქე "გალათასარაი" იყო - სტუმრად მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, მიუნხენში კი გერმანელებმა გერდ მიულერის ჰეთ-თრიქით 6:0 იმარჯვეს.

2014 წლის 17 სექტემბრიდან 2017 წლის 15 თებერვლამდე "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 16 მატჩი მოიგო, რაც ტურნირის რეკორდია და გასულ სეზონში, მადრიდის "რეალთან" (1:2) პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, შეწყდა.

"ბეშქთაში" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე პირველად იასპარეზებს.

თურქებმა გერმანიაში პირველი გამარჯვება ამ სეზონში მოიპოვეს, როდესაც "ლაიფციგი" სტუმრად 2:1 დაამარცხეს (1 ფრე, 3 წაგება).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები