[ინტერვიუ] ჯიღაური: "საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, ჯაბა კანკავას ვესაუბრე..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

[ინტერვიუ] ჯიღაური: "საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, ჯაბა კანკავას ვესაუბრე..."


[ინტერვიუ] ჯიღაური:

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური კარიერას ფრანგულ "გრენობლში" გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, ახალ გუნდში გადასვლამდე ჯიღაური ყაზახურ "ორდაბასში" გამოდიოდა.

GOAL.GE 26 წლის ნახევარმცველს საფრანგეთში დაუკავშირდა და რამდენიმე საკითხზე ესაუბრა.

"გრენობლში" უკვე ოფიციალურად გადახვედი, როგორია კონტრაქტის დეტალები?

ახალ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე.

"ორდაბასი" შუა სეზონში დატოვე, რა იყო ამის მიზეზი? 

"ორდაბასიდან" ჩემი წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ თამაში ხშირად არ მიწევდა. ასევე, გუნდში არსებული ფინანსური პრობლემების გამო.

"გრენობლი" საფრანგეთის ლიგა 2-ში წელს გადმოვიდა, რა იქნება ამ გუნდის მიზანი უკვე შემდეგ სეზონში?

"გრენობლი" ძლიერი და სახელოვანი გუნდია. ჩვენი მიზანი ლიგა 1-ში გადასვლა იქნება. აქ ყველანაირი პირობაა, რომ გუნდს ამის ამბიცია ჰქონდეს.

გასულ სეზონში, ლიგა 2-ში ჯაბა კანკავაც თამაშობდა. თუ გქონდა მასთან კონტაქტი, საფრანგეთში წასვლის შემდეგ?

ჯაბას ვესაუბრე, გაუხარდა, რომ ლიგა 2-ში ვითამაშებ და წარმატებები მისურვა. მან საფრანგეთის ჩემპიონატი დამიხასიათა და მითხრა, რომ ძლიერი ჩემპიონატია.

[ინტერვიუ] ჯიღაური: "საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, ჯაბა კანკავას ვესაუბრე..."

საქართველოს ნაკრების წინა თამაშში ვაისმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაგაყენა. რა პოზიციაზე მოგიაზრებს "გრენობლის" მწვრთნელი?

მარჯვენა მცველის პოზიციაზე საერთოდ პირველად ვითამაშე. "გრენობლიში" ან გარემარბი, ან ცენტრალური ნახევარმცველი ვიქნები. ამას მწვრთნელი გადაწყვეტს.

ბოლო 4 თვეში უკვე მე-3 კლუბი გამოიცვალე. წინა 2 გუნდში შენი კარიერა ისე ვერ აეწყო როგორც გსურდა, თუ უბრალოდ დამთხვევაა?

"ვარდარიდან" წამოსვლის შემდეგ, მოვლენების განვითარებას მეც სხვანაირად ველოდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა. გუნდი არ გამოჩნდა. მე კი თავი ისეთ გუნდში ამოვყავი, სადაც ტრანსფერებს არ არეგისტრირებდნენ ("აქტობეს" ვგულისხმობ). 2 კვირში მოვიდნენ და მითხრეს, რომ შეცვლა უნდა გაკეთებულიყო. ჯიღაური "ორდაბასში" და "ორდაბასის" მცველი "აქტობეში." "ორდაბასში" უკეთესი სიტუაცია იყო და იქ გადასვლა ვამჯობინე. აღმოჩნდა, რომ "ორდაბასის" მაშინდელმა მწვრთნელმა საერთოდ არ იცოდა, რომ მის გუნდში მივდიოდი და ახალი ფეხბურთელი რომ დაინახა, გაკვირვებული დარჩა. აქედან გამომდინარე, 14 ტური ისე გავიდა, რომ მან ძირითად შემადგენლობაში არცერთი მატჩი არ მათამაშა...

საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩში ლუქსემბურგთან დამარცხდა. როგორ ფიქრობ, რა იყო ამის მიზეზი და რა შანსები გვაქვს სექტემბერში, სტუმრად ყაზახეთის ნაკრებთან?

მინდა გითხრათ, რომ ეროვნული ნაკრები ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 3-ში დამარცხდა. შესაბამისად, უმჯობესი იქნება, წარსულზე ფიქრის ნაცვლად, აქცენტი მომავალზე გავაკეთოთ და ყაზახეთთან თამაშზე ვიფიქროთ.

GOAL.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები