ევრო 2020 იწყება ახლა! - პირველი მერვედფინალები, ფავორიტი და 3 მუქი ცხენი
დღეს, ჩვენი დროით 20:00 და 23:00 საათზე გაიმართება ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მერვედფინალური დაპირისპირება. თავდაპირველად დაიწყება უელსისა და დანიის მატჩი, შემდეგ კი იტალია ავსტრიას შეხვდება. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო თამაშების დაწყების წინ.
უელსი-დანია, 20:00
უელსი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში მოხვდა A ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით. განვლილი გზა კი ასეთია - ფრე შვეიცარიასთან (1:1), თურქეთის დამარცხება (2:0) და მინიმალური ანაგრიშით მარცხი იტალიასთან (0:1). "დრაკონებმა" მოაგროვეს 4 ქულა, ისევე როგორც შვეიცარიამ, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლა ბურთების უკეთესმა ბალანსმა განაპირობა.
ბრიტანელთა ლიდერი და კაპიტანი არის გარეტ ბეილი, თუმცა მას ევროპის ჩემპიონატზე გოლი ჯერ არ გაუტანია. ეს გააკეთეს აარონ რემსიმ, კონორ რობერტსმა და კიფერ მურმა. რაც შეეხება დანიას, ამ ნაკრების მხრიდან ვიხილეთ ნამდვილი აღზევება პირველი კოშმარული მატჩის შემდეგ.
"ვიკინგებმა" გულის შეტევის გამო დაკარგეს კრისტიან ერიქსენი, შემდეგ იყო წაგება ფინეთსა და ბელგიასთან, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურისთვის აღნიშნული ნაკრების ანგარიშზე 0 ქულა ფიქსირდებოდა. "წითლებმა" რეაბილიტაცია მოახდინეს რუსეთის განადგურებით, რაც მე-2 ადგილის დასაკავებლად საკმარისი გამოდგა.
საქმე ისაა, რომ სკანდინავიელების მსგავსად, სამი ქულა ჰქონდა რუსეთსა და ფინეთს, თუმცა ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწონა. აღნიშნული ნაკრებიდან გამოსარჩევია იუსუფ პოულსენი, რომელსაც უკვე 2 გოლი აქვს და ცხადია, გმირი, სიმონ კიაერი. რაც შეეხება "წითელ-მწვანეებისა" და კასპერ ჰიულმანდის გუნდის სავარაუდო 11-ეულებს:
უელსი - უარდი, მეფემი, როდონი, დევისი, რობერტსი, მორელი, ალენი, რემსი, ჯეიმსი, ბეილი, მური
დანია - შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, ვესტეგაარდი, მაელი, ვაასი, დილეინი, ჰოიბერგი, დამსგაარდი, ბრეიტუეიტი, პოულსენი
იტალია-ავსტრია, 23:00
გაბუქებული მოსაზრება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იტალიამ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ჩაატარა იდეალურად. უმარტივეს რეჟიმში იქნა დამარცხებული თურქეთი (3:0), შვეიცარია (3:0), და უელსი (1:0). 100%-იანი შედეგი და მშრალად შენახული კარი "სკუადრა აძურას" მიერ.
"ლურჯების" საუკეთესო ბომბარდირები არიან ჩირო იმობილე და მანუელ ლოკატელი (2-2 გოლი), თუმცა არ ღირს კონკრეტული ფეხბურთელების გამოყოფა, დიახ, აპენინელებში აბსოლიტურად ყველა მოწოდების სიმაღლეზეა. მოკლედ, რობერტო მანჩინი თავისი ქვეყნის ნაკრებს ევროპული ფეხბურთის რუკაზე აბრუნებს.
ავსტრიამ თავის მხრივ ლოგიკურად დაამარცხა ჩრდილოეთ მაკედონია და ასევე იწვია ლოგიკური მარცხი ნიდერლანდებისგან. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ ბრძოლაში "არწივებმა" მოუგეს უკრაინას, რითაც, "ნარინჯისფერების" შემდეგ, ჯგუფში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.
აღნიშნულ წყვილში ფავორიტად მოიაზრება იტალია და ეს მოსაზრება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამის მიუხედავად, სენსაციები არავის გაუუქმებია, მითუმეტეს ევრო 2020-ის პლეი-ოფში, ერთმატჩიან დუელში. "სკუადრა აძურასა" და "თეთრ-წითლების" სავარაუდო 11-ეულები კი ასეთია:
იტალია - დონარუმა, ბონუჩი, აჩერბი, სპინაცოლა, დი ლორენცო, ჟორჟინიო, ვერატი, ბარელა, ბერარდი, ინსინიე, იმობილე
ავსტრია - ბაჰმანი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ალაბა, ლაინერი, გრილიტში, ილსანკერი, ბაუმგარტნერი, შლაგერი, არნაუტოვიჩი, საბიცერი