[EXCLUSIVE] ლუკა გაგნიძემ რუსეთის ჩემპიონატი დატოვა
19 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ ურალი დატოვა.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ლუკა გაგნიძესთან ერთად რუსული ურალიდან მოდის 18 წლის ნახევარმცველი ლუკა წულუკიძეც, რომელიც ეკატერინბურგულ გუნდს რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა.
ორივე ფეხბურთელის წარმომადგენელი "ბენე სპორტის" ხელმძღვანელი ირაკლი ლილუაშვილია, რომელიც ახლა ორივე მოთამაშის ევროპაში ტრანსფერზე მუშაობს და სურს, ივნისის შემდეგ არცერთი მათგანი რუსეთში არ დაბრუნდეს.
ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოს საკუთრებაა და იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელს რუსეთში დაბრუნება მოუწევს, მისი გუნდი პირდაპირ დედაქალაქური დინამო იქნება. 19 წლის შუახაზელი რუსეთში თბილისის დინამოდან 2021 წლის ზაფხულში 1.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ აამოქმედა კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთში მოთამაშე ლეგიონერს 10 მარტის შემდეგ შეუძლია ცალმხრივი სურვილით დატოვოს გუნდი და დარეგისტრირდეს ახალ კლუბში 7 აპრილამდე, თუმცა ივნისის ბოლოს რუსეთში დაბრუნების ვალდებულება აქვს იმავე გუნდში. ჯერჯერობით, ამ უკანასკნელ საკითხზე სიახლე არაა, შეიცვლება თუ არა ეს წესი.