ავტორიზაცია

ხავის ბარსელონაში დანიშვნა ჭიანურდება - როდის წარადგენენ ესპანელ სპეციალისტს მშობლიურ გუნდში?

ხავის ბარსელონაში დანიშვნა ჭიანურდება - როდის წარადგენენ ესპანელ სპეციალისტს მშობლიურ გუნდში?
თარიღი 03 ნოე 2021, 09:52

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ალ სადის" დამრიგებლის, ხავი ერნანდესის დანიშვნა ჭიანურდება.

როგორც Diario Sport იტყობინება, კატალონიურ და ყატარულ კლუბებს შორის მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

41 წლის ესპანელი სპეციალისტის "ბარსაში" დაბრუნება შესაძლოა ხუთშაბათს ან პარასკევს დაადასტურონ.

გამორიცხულია, რომ ხავი ლა ლიგის მე-13 ტურში "სელტასთან" გასამართ მატჩშივე ვიხილოთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის პოსტზე, რადგან ოთხშაბათს "ალ სადი" მთავარ კონკურენტ "ალ დუჰაილს" ხვდება. ხავის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას გაიმყარებს და მეორეადგილოსან "ალ დუჰაილთან" უპირატესობას 6 ქულამდე გაზრდის. "ალ სადის" ბოსებს სურთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს ხავიმ უხელმძღვანელოს, რასაც გააკეთებს კიდეც.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, "ბარსელონას" თავკაცის რანგში ხავის პირველი მატჩი დიდი ალბათობით "ესპანიოლთან" 20 ნოემბერს გასამართი დაპირისპირება იქნება. ესპანელს სანაკრებო პაუზის დროს კლუბში შექმნილი სიტუაციის უკეთესად შესწავლის შესაძლებლობა ექნება.

"ბარსას" მთავარი მწვრთნელის რანგში ხავის პრეზენტაცია შეიძლება მომდევნო კვირამდე გადაიდოს, რათა "სელტასთან" მატჩის წინ გუნდმა ყურადღება არ გადაიტანოს.