კოხრეიძე ფრანგულ კლუბში წარადგინეს

"გრენობლმა" ოფიციალურად დაადასტურა "საბურთალოს" ახლა უკვე ყოფილი შემტევის, გიორგი კოხრეიძის ტრანსფერი.
ქართველი ვინგერის კონტრაქტი "თეთრ-ლურჯებთან" გათვლილია 2024 წლამდე, მისი სატრანსფერო ღირებულება კი Transfermarkt-მონაცემების თანახმად, 400 ათასი ევროა.
შეგახსენებთ, რომ იზერელთა ახალწვეულმა გარემარბმა თბილისური გუნდი დატოვა ასეთი შედეგით - 135 შეხვედრა, 30 გოლი, 20 ასისტი.
რაც შეეხებათ ალპელებს, ლიგა 2-ში მეოთხე ადგილზე დასრულებული სეზონის შემდეგ, ამ გუნდის მიზანი უმაღლეს დივიზიონში აღზევება იქნება.
"გრენობლი" არასდროს გამხდარა ლიგა 1-ის ჩემპიონი, ქვედა დივიზიონში ჩემპიონობა კი ორჯერ უზეიმია (1960, 1962 წლები).
"თეთრ-ლურჯებში" სხვადასხვა დროს უთამაშიათ ისეთ გამორჩეულ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან იური ჯორკაეფი, გუსტავო პოიეტი და ოლივიე ჟირუ.