მოსალოდნელი სცენარი: ისკო კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს?!

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის ახალი გუნდი ცნობილია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ესპანელი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.
"სამეფო კლუბი" თავისი ფლეიმეიქერის სანაცვლოდ მიიღებს დაახლოებით 25 მილიონ ევროს, "როსონერისთან" გაფორმებული კონტრაქტი კი 2027 წლამდე იქნება ძალაში.
29-წლის გამთამაშებელი "შავ-წითლებს" შეუერთდება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტის დაბრუნების მიუხედავად, "ბლანკოსის" 22-ე ნომერმა ძირითადში ადგილი მაინც ვერ დაიბრუნა.
ისკო "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშობს 2013 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 342 შეხვედრაში 52 გოლის გატანა მოახერხა. წელს ესპანელი ჰავბეკის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია.