მუქარა კვარაცხელიას ოჯახის მიმართ რეალურია? - რუბინის ბუნდოვანი კომენტარი ხვიჩას მომავალზე
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის "რუბინის" დატოვებასთან ახლოს არის. Матч ТВ-ს ცნობით, ქართველი გარემარბის ოჯახი "თათრებში" თამაშის გამო მუქარას იღებს:
"კვარაცხელიას ოჯახი მუქარებს იღებს და ზეწოლის ქვეშაა იმის გამო, რომ ფეხბურთელი რუბინში თამაშობს", - წერს რუსული მედია რესურსი. აღნიშნულ ფაქტს "წითელ-მწვანეების" პრეს-სამსახური გამოეხმაურა:
"კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში გაემგზავრა. დაბრუნდება თუ არა რუბინში? ეს სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გაირკვევა. მუქარები ოჯახის მიმართ? ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვით", - ასეთია ყაზანელთა კომენტარი.
შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნების" ვინგერის სახელს "ნაპოლის" უკავშირებენ. ალფრედო პედულამ დაადასტურა, რომ "ლურჯები" 22-წლის ფლანგელს ლორენცო ინსინიეს შემცვლელად განიხილავენ.
როგორც ვიცით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიელი შემტევი "ტორონტოში" გადავა, სწორედ ამ მიზეზის გამო გააქტიურდა "აძური" "თათრების" 21-ე ნომრის ტრანსფერში.