"საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა", - საბერძნეთის მწვრთნელი
საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან ტ'სხიპმა საქართველოსთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, ელადელები 9 ოქტომბერს გვესტუმრებიან.
"პირველ რიგში საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულები. მათ უკვე ვეთამაშეთ და პირველ მატჩში ამ გუნდმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. კარგად მომზადება გვმართებს.
"ჯვაროსნების" ბარიერის გადაგორების შემდეგ, უკვე შვედეთზე გადავერთვებით. მინდა ვიხილო სწორედ ის გუნდი, რომელმაც ეს მოწინააღმდეგე პირველ თამაშში დაამარცხა".
შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრებისა და "ლურჯების" პირველი შეხვედრა დასრულდა ფრედ, ანგარიშით 1:1. ოთარ კაკაბაძის ავტო-გოლს შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური დარტყმა მოყვა.
აქვე დავამატებთ, ტ'სხიპის გუნდთან თამაშის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდის მორიგი მოწინააღმდეგე სტუმრად კოსოვო იქნება. საქართველოს ნაკრები თავის ჯგუფში ერთი ქულით ბოლო ადგილს იკავებს.