ყველაფერი სასამართლომდე მივიდა - დინამო თბილისი ზორან მარუშიჩს უჩივის!
დინამო თბილისის სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა უზბეკურ ნავბაჰორთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა იურიდიული მხარე დაარღვია, რის გამოც ქართული გუნდი ფეხბურთელის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.
სერბმა ფეხბურთელმა ცალმხრივად, თვითნებურად დაარღვია დინამოსთან არსებული მოქმედი ხელშეკრულება. მიუხედავად თბილისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტისა, ფეხბურთელმა მიიღო კარიერის უცხოეთში გაგრძელების გადაწყვეტილება და დადებული კონტრაქტის გარდა, დაარღვია ფიფას საერთაშორისო სამართლის ნორმები.
„დინამო თბილისმა ზორან მარუშიჩთან 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გააქტიურა კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის კონტრაქტი ავტომატურად, 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დინამო თბილისმა შესაბამისი ღონისძიების გატარება უკვე დაიწყო.“ - განაცხადა დინამო თბილისის სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა.
ზორან მარუშიჩი დინამო თბილისს 2021 წლის იანვარში ბელარუსის ნემანიდან შეუერთდა. ქართული გუნდის მაისურით 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.