გადამწყვეტი პერიოდი იწყება - მილანი რომას პირისპირ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გადამწყვეტი პერიოდი იწყება - მილანი რომას პირისპირ


გადამწყვეტი პერიოდი იწყება - მილანი რომას პირისპირ

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა "სან-სიროზე" გაიმართება. ვინჩენცო მონტელას ამბიციური "მილანი" საკუთარ მოედანზე ეუსებიო დი ფრანჩესკოს "რომას" მიიღებს.

დასაწყისი: 20:00 საათი
მთავარი მსაჯი: ლუკა ბანტი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta Georgia+


"მილანი", რომელმაც ამ ზაფხულს 11 ახალი ფეხბურთელი დაიმატა და სეზონი საკმაოდ დიდი მოლოდინითა და ამბიციებით დაიწყო, ჯერჯერობით არც ისე კარგად გამოიყურება და აშკარაა, რომ ახალი გუნდის შექმნას გარკვეული დრო სჭირდება. "როსონერიმ" სერია ა-ს საწყის 6 ტურში 12 ქულა დააგროვა და უკვე ორი თამაში წააგო. გასულ უქმეებზე მილანური გრანდი სტუმრად "სამპდორიასთან" დამარცხდა (0:2), ხუთშაბათს კი ევროპა ლიგაზე "რიეკასთან" დრამატული ორთაბრძოლა გადაიტანა. მილანელებმა ხორვატიული კლუბი პატრიკ კუტრონეს ბოლო წუთზე გატანილი გოლით 3:2 დაამარცხეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს.

"მილანის" თამაში სეზონის სტარტზე არადამაჯერებელია, დაცვაში გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს და ამის შედეგად ვინჩენცო მონტელა სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოექცა. დღეს "როსონერი" უშუალო კონკურენტ "რომას" მიიღებს, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ ეგრევე მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება. ამ თამაშებზე კი ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ამიტომაც 48 წლის იტალიელი სპეციალისტისთვის ახლა უმნიშვნელოვანესი პერიოდი დადგა და "მილანის" რეალური ამბიციები, შესაძლებლობები სწორედ ამ ორ რთულ შეხვედრაში გამოჩნდება.

"როსონერის" თავდასხმაში ყველაფერი რიგზეა, ვინაიდან გოლები ყველას გააქვს: კუტრონეს, ანდრე სილვას და ნიკოლა კალინიჩსაც, რომელმაც ბოლო პერიოდში კარგი ფორმა აკრიფა. თუმცა დაცვის ცენტრში პრობლემებია და ბოლო თამაშებში მონტელა 5 მცველიან ტაქტიკაზე გადაეწყო.

რაც შეეხება "რომას", რომელმაც ზაფხულში მოჰამედ სალაჰი დაკარგა, მიმდინარე სეზონი "მგლებმაც" არასტაბილურად დაიწყეს, მაგრამ ძალიან მონდომებულად თამაშობენ. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ახალგაზრდა, ქარიზმატული და საკმაოდ ჭკვიანი იტალიელი სპეციალისტი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომელიც რომაულ კლუბს სანახაობრივ და ლაღ ფეხბურთს ათამაშებს. "რომამ" სერია ა-ში 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო და ერთი შინ მილანის "ინტერთან" წააგო. რომაელებმა ზედიზედ სამი თამაში დამაჯერებლად მოიგეს, საერთო ჯამში 10 ბურთი გაიტანეს და მხოლოდ 1 გაუშვეს, მაგრამ მეტოქეები "ვერონა", "ბენევენტო" და "უდინეზე" იყვნენ - ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერები.

ჩემპიონთა ლიგაზე კი "რომას" აზერბაიჯანში ძალიან გაუჭირდა და სტუმრად "ყარაბახი" 2:1 საკმაოდ დიდი გაჭირვებით დაამარცხა. სეზონის სტარტზე ბოსნიელი ცენტრფორვარდი, ედინ ჯეკო, ბრწყინავს, რომელმაც უკვე 6 გოლის გატანა მოასწრო. "რომას" ძალიან კარგად მოერგო სერბი მარცხენა მცველი, ალექსანდრ კოლაროვი, რომელიც უმალვე გუნდის ძირითადი მოთამაშე გახდა. დი ფრანჩესკოს გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს, მაგრამ მისი გუნდი საკმაოდ მხიარულ და სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობს.

დღევანდელი მატჩი "მგლებისთვისაც" ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან მათ ერთი რთული მატჩი "ინტერთან" უკვე წააგეს და ახლა მილანში მხოლოდ მოსაგებად ჩავლენ.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი: დონარუმა; აბატე, მუსაჩო, ბონუჩი, რომანიოლი, რ.როდრიგესი; ბიგლია, კესიე; ბონავენტურა, კალინიჩი, სუსო.
საეჭვოა: ჩალჰანოღლუ.
ტრავმირებულნი არიან: ანტონელი, კონტი, მონტოლივო.

რომა: ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი; სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი; ფლორენცი, ჯეკო, ელ შაარავი.
ტრავმირებულნი არიან: ემერსონი, კარსდროპი, დეფრელი, პეროტი, შიკი.

საინტერესო ფაქტები

ამ გუნდების ბოლო სამი დაპირისპირებიდან სამივე რომაულმა კლუბმა მოიგო, საერთო ანგარიშით - 8:2.

"რომასა" და "მილანის" ბოლო 10 ურთიერთშეხვედრიდან "როსონერიმ" მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა (4 ფრე, 5 წაგება). ეს 2015 წლის 9 მაისს მოხდა, როდესაც მილანელებმა შინ 2:1 იმარჯვეს.

"რომას" ეგვიპტელი შემტევი, სტეფან ელ შაარავი, თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება. "მილანი" ელ შაარავის პირველი ევროპული კლუბი იყო, რომლის ღირსებას 2011-15 წლებში იცავდა და 82 თამაშში 21 გოლის გატანა მოახერხა.
გადამწყვეტი პერიოდი იწყება - მილანი რომას პირისპირ

ელი რომაულ კლუბს 2015 წელს შეუერთდა და "მილანის" წინააღმდეგ "სან-სიროზე" ჩატარებულ ორივე თამაშში მოახერხა გოლის გატანა.

ელ შაარავის გარდა თავის ყოფილ კლუბს "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, დაუპირისპირდება. მონტელა საფეხბურთო კარიერის დროს "რომას" ღირსებას 10 წელი (1999-2009) იცავდა და 192 თამაშში 84 ბურთის გატანა მოახერხა. იგი რომაული კლუბის ლეგენდაა და "მგლების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეექვსე პოზიციას იკავებს.
გადამწყვეტი პერიოდი იწყება - მილანი რომას პირისპირ

მონტელა მთავარი მწვრთნელის რანგში "რომას" 15-ჯერ დაუპირისპირდა და საკმაოდ ცუდი სტატისტიკა აქვს: 2 მოგება, 4 ფრე და 9 მარცხი.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა "ინტერისა" (2) და "იუვენტუსის" (3) შემდეგ სერია ა-ს საწყის 6 ტურში ყველაზე ცოტა (4) ბურთი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები