"პსჟ მესის დამატებაში დარწმუნებულია", - ჟურნალისტი, რომელმაც 2017 წელს ნეიმარის ტრანსფერი პირველმა დააანონსა
"პსჟ" მზადაა "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, კონტრაქტი გაუფორმოს, წერს ბრაზილიური გამოცემა TNT Sports-ის ჟურნალისტი, მარსელო ბეჰლერი.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულ კლუბში დარწმუნებულები არიან: ის ფაქტი, რომ კლუბს უფრო ძლიერი სპორტული პროექტი აქვს, მესის დაარწმუნებს "ბარსა" დატოვოს და პარიზში გადაბარგდეს. ხელმძღვანელობა ძალზე ოპტიმისტურად უყურებს შექმნილ სიტუაციას.
როგორც იუწყებიან, ფრანგული კლუბის ფეხბურთელებმა იციან მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ და მოხარულები არიან, რომ მომავალი სეზონიდან მესი მათი მეტოქე აღარ იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ბეჰლერი ბარსელონაში ცხოვრობს და იქ მუშაობს. სწორედ მან გამოაცხადა პირველმა 2017 წლის ზაფხულში ფორვარდ ნეიმარის "პსჟ"-ში ტრანსფერი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, "ბარსელონა" მისი თანამემამულის, "მანჩესტერ სიტის" შემტევის, სერხიო აგუეროს დამატებას ეცდება.
მიმდინარე სეზონში მესიმ ლა ლიგის 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
ასევე იხილეთ:
ბარსელონა აგუეროს ხელში ჩაგდებას ერთ შემთხვევაში ეცდება - ESPN
რამოსი: "მივიღებდი თუ არა მესის მადრიდში? სახლშიც დავპატიჟებდი"
"რაც არ უნდა მოხდეს, ორ წელიწადში მესი ინტერ მაიამიში გადავა", - ესპანელი ჟურნალისტი