ავტორიზაცია

შემდეგი გაჩერება ლონდონია - რაიოლა და ჰოლანდის მამა კიდევ 4 კლუბთან გამართავენ მოლაპარაკებებს

შემდეგი გაჩერება ლონდონია - რაიოლა და ჰოლანდის მამა კიდევ 4 კლუბთან გამართავენ მოლაპარაკებებს
თარიღი 02 Apr 2021, 00:01

"დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის აგენტი, მინო რაიოლა და მამა, ალფ-ინგე ჰოლანდი ხვალ, 2 აპრილს, დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან პრემიერ ლიგის კლუბებთან მოლაპარაკებების გასამართად.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იუწყება, აგენტი და ფეხბურთელის მამა ხვალ ლონდონში ჩავლენ, სადაც ერთ დღეში "ჩელსის", "ლივერპულის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მოგეხსენებათ, რაიოლა და ჰოლანდი-უფროსი დღეს, 1 აპრილს, ბარსელონაში ჩაფრინდნენ და "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან გამართეს მოლაპარაკებები, რამდენიმე საათში კი მადრიდში გაემგზავრნენ, "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან შესახვედრად.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორუსიელები 20 წლის ნორვეგიელ ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ 180 მილიონ ევროიან წინადადებას მიიღებენ.

ერლინგი "დორტმუნდში" "ზალცბურგიდან" 2020 წლის იანვარში გადავიდა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსით, მისი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონია.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ასევე იხილეთ:

დორტმუნდში რაიოლასა და ჰოლანდის მამის ბარსელონას პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურნენ

სატრანსფერო ფასი გარკვეულია - რა გეგმები აქვს დორტმუნდს ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით?

ბარსელონა ჰოლანდის ტრანსფერის განსახორციელებლად კრედიტის აღებას გეგმავს - ESPN