ავტორიზაცია

"ნიკა, ბოდიში!" - კვიპროსული მედია კაჭარავას მიმართავს

"ნიკა, ბოდიში!" - კვიპროსული მედია კაჭარავას მიმართავს
თარიღი 02 იან 2022, 12:30

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ანორთოსისი სკანდალურად დატოვა.

მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა, თუმცა ამის მიზეზი გახდა ვიდეო, რომელიც გურამ კაშიამ გამოაქვეყნა, სადაც გიორგი ქვილითაიას გატანილ გოლს ზეიმობს ომონიას კარში, ნაკრების ვიცე-კაპიტნის რეაქციაზე კი ნიკა კაჭარავა იცინის.

აღნიშნულ ფაქტს კვიპროსულმა გამოცემა gipedo.politis.com.cy-მა სტატია მიუძღვნა და 27 წლის თავდამსხმელს ბოდიში მოუხადა.
"კვიპროსში 2021 წელს ბევრი რამ მოხდა და განსაკუთრებით უცნაური ფეხბურთის სფეროში. ცოტა ხნის წინ ანორთოსისიდან ფეხბურთელი გააგდეს და მიზეზად თქვეს, რომ ის აღნიშნავდა მეტოქე გუნდის გოლს. ეს ყველაფერი კი ფანების მოთხოვნით მოხდა. ძალიან გაბრაზდნენ, როცა ნახეს რა რეაქცია ჰქონდა კაჭარავას გიორგი ქვილითაიას გოლზე.
ვთანხმდებით, რომ კაჭარავა კი არ ზეიმოდა გოლს, დასცინოდა მის გვერდით მყოფი მეგობრის რეაქციას. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კვიპროსულ გუნდში ფანები წყვეტენ, რა უნდა გააკეთოს ხელმძღვანელობამ. 
ნიკა კაჭარავა, დღეს ამ სტატიას ვწერთ იმიტომ, რომ ბოდიში მოგიხადოთ ასეთი მოპყრობისთვის. თუ მათ შენი, როგორც ფეხბურთელის დატოვება გუნდში არ სურდათ, შეეძლოთ ეს პირდაპირ ეთქვათ და არა გულშემატკივრების გზით. იმედი გვაქვს, 2022 წელი უფრო ტოლერანტულებს გაგვხდის," - წერს კვიპროსული საიტი.
ნიკა კაჭარავამ ანორთოსისის მაისურით 62 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა.