ავტორიზაცია

"ვერ ვიჯერებ, ეს მეკარე 1 მილიონად ვიყიდეთ?" - რას წერენ ვალენსიას ფანები მამარდაშვილზე

"ვერ ვიჯერებ, ეს მეკარე 1 მილიონად ვიყიდეთ?" - რას წერენ ვალენსიას ფანები მამარდაშვილზე
თარიღი 03 მარ 2022, 14:18

ესპანური კოპა დელ რეის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ვალენსიამ საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკი მიიღო და 1-0 დაამარცხა.

მასპინძელთა კარს მნიშვნელოვან მატჩში გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.

მატჩის შემდეგ ვალენსიას გულშემატკივრები 21 წლის ქართველი მეკარის თამაშს ეხმაურებიან და პოსტები სოციალურ ქსელში ამ წამამდე არ წყდება.

"რატომ არ საუბრობთ მამარდაშვილს რა დაცვის ფონზე უწევს საქმის კეთება?"

"ვერ ვიჯერებ და არ ვიღლები გახსენებით, რომ ეს მეკარე 1 მილიონ ევროდ ვიყიდეთ"

"თუ იმ დონეს შეინარჩუნებს, რაც ბილბაოსთან აჩვენა, უკონკურენტოა!"

"გედეშმა და მამარდაშვილმა გვიყიდეს ბილეთები სევილიაში ფინალზე წასასვლელად"

"ყოველი წუთი, რომელიც ხაუმემ მამარდაშვილის ნაცვლად ითამაშა, ფეხბურთის შეურაცხყოფაა"

"მადლობა მამარდაშვილს. უილიამსს ის გოლი რომ გაეტანა, რომელიც მამარდაშვილის სეივით დასრულდა, სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა"

"მგონი, სილესენის აბარგების დროა. ახლა მესტალიას გიორგი მამარდაშვილი იცავს"

"თავიდან ბევრჯერ უნდა ვუყურო იმ მომენტს, როცა მამარდაშვილმა უილიამსს გატანის საშუალება არ მისცა. ტრიბუნებიდან საოცრად ამაღელვებლად ჩანდა"

"მესტალია ასეთი მაგარი მეკარისთვის მზად არაა. მამარდაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა"

გიორგი მამარდაშვილი იქნება პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს. ფინალი 23 აპრილს სევილიაში გაიმართება. ვალენსიას მეტოქე ბეტისსა და რაიო ვალეკანოს შორის გამარჯვებული იქნება.

გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში ვალენსიამ დინამო თბილისისგან იჯარით წაიყვანა, დეკემბერში კი 1 მილიონ ევროდ გამოისყიდა.