დეტალური განხილვა — რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ლაპორტა ჰოლანდის ხელში ჩაგდებაში დარწმუნებულია
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, მიუხედავად "მანჩესტერ სიტის", "პსჟ"-სა და "რეალის" მხრიდან არსებული კონკურენციისა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ნორვეგიელის მომავალ ზაფხულს ხელში ჩაგდებაში დარწმუნებულია.
ლაპორტამ 21 წლის სუპერვარსკვლავის აგენტ მინო რაიოლასთან პოტენციური ტრანსფერი განიხილა. მენეჯერმა იცის, რომ ჰოლანდის დამატებისთვის 150 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვა იქნება საჭირო. ამჟამად "ბარსას" პრეზიდენტი ამ ტრანსფერის დაფინანსების ძიებით არის დაკავებული. კლუბთან დაახლოებული წყაროების თანახმად, მენეჯერი საინვესტიციო ფონდ CVC-სთან თანამშრომლობის ვარიანტს განიხილავს, რადგან მისი აზრით, ამ ნაბიჯის გადადგმით "ბლაუგრანა" საჭირო თანხას იშოვის.
ლაპორტამ იცის, რომ რაიოლასთან არსებული კარგი ურთიერთობა ჰოლანდის ტრანსფერის გაჩარხვას ხელს შეუწყობს. ნორვეგიელის ტრანსფერი ერთადერთია, რომელშიც "ბარსა" ფულის გადახდას აპირებს. ზაფხულში ყველა სხვა ახალწვეულს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდისთვის ბრძოლაში ამჟამად "ბარსას" "მანჩესტერ სიტი" ჯობნის, რადგან თავდამსხმელისთვის უფრო ნათელი სპორტული პროექტის შეთავაზება შეუძლია. თუმცა, კატალონიელები წინა რამდენიმე თვესთან შედარებით ბევრად უკეთესად ათამაშდნენ და როგორც კლუბში ფიქრობენ, გუნდის პროგრესიც მოახდენს ერლინგის გადაწყვეტილებაზე გავლენას. გარდა ამისა, მნიშვნელოვან ასპექტად შეიძლება იქცეს კლიმატი და ის ფაქტი, რომ ნორვეგიელს ლა ლიგა პრემიერ ლიგაზე მეტად მოსწონს.
მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა. ტრავმის გამო მას 22 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.