ავტორიზაცია

"გულისამრევად ვითამაშე", - აგუერომ გაიხსენა, თუ როგორ ამჯობინა ბაიერნმა მას ხოსე სოსა

"გულისამრევად ვითამაშე", - აგუერომ გაიხსენა, თუ როგორ ამჯობინა ბაიერნმა მას ხოსე სოსა
თარიღი 16 Feb 2022, 17:56

"ატლეტიკოს", "მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა, სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისში "ბაიერნში" გადასვლა შეეძლო.

როგორც არგენტინელი ამბობს, ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა მშობლიური "ინდეპენდიენტეს" ღირსებას იცავდა.

"ამის შესახებ მითხრეს. "ბაიერნის" წარმომადგენლები "ესტუდიანტესთან" მატჩის დროს ჩემი თამაშის სანახავად მოვიდნენ".

"გულისამრევად ვითამაშე, სამაგიეროდ ხოსე სოსა მოეწონათ და იყიდეს კიდეც", - წერს აგუერო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 33 წლის სამხრეთამერიკელი 2006 წელს "ინდეპენდიენტედან" მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა.

რაც შეეხება სოსას, ეს უკანასკნელი "რეკორდმაისტერმა" "ესტუდიანტესიდან" 2007 წელს იყიდა და მიუნხენში 3 წელი გაატარა, შემდეგ მან "ნაპოლიში", "ატლეტიკოსა" და "მილანშიც" ითამაშა, მაგრამ დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია.

მოგეხსენებათ, აგუერომ დეკემბერში კარიერა დაასრულა. ამგვარი გადაწყვეტილება გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღო. ოქტომბრის ბოლოს, "ალავესის" წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის დროს, არგენტინელმა თავი ცუდად იგრძნო და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ტაქიკარდიის დიაგნოზი დასვეს და ფეხბურთელს კარიერაში პაუზის აღება ურჩიეს.

სერხიო "ბარსელონაში" 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან კატალონურ კლუბში მხოლოდ ხუთი მატჩის ჩატარება მოასწრო და ერთი გოლი გაიტანა.

TOP.GE