"ვამაყობ, რომ აქ ვარ" - დინამო თბილისმა თორნიკე კირკიტაძე წარადგინა
25 წლის ნახევარმცველი თორნიკე კირკიტაძე კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს.
ამის შესახებ GOAL.GE-მ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად გამცნოთ, მალევე საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ტრანსფერი გააოფიციალურა.
"დინამო ჩემთვის საქართველოში ნომერ პირველი კლუბია თავისი ისტორიიდან და ტიტულებიდან გამომდინარე. ვამაყობ, რომ აქ დავბრუნდი და ამ გუნდის მაისურს მოვირგებ. ბედნიერი ვარ, აქ დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა. მინდა, დინამოს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. მადლობას ვუხდი ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს ნდობისთვის. რამდენადაც სასიხარულოა, იმდენად საპასუხისმგებლოა აქ დაბრუნება. ასეთ პირობებში არ შეიძლება, რომ ყოველდღე 100%-ით არ დაიხარჯო, არ განვითარდე და კლუბს წარმატების მიღწევაში არ დაეხმარო. დინამოში ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ, უბრალოდ არ გაქვს უფლება, რომ ბოლომდე არ დაიხარჯო", - თქვა თორნიკე კირკიტაძემ ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ დინამო თბილისის ოფიციალურ ვებგვერდთან.
თორნიკე კირკიტაძემ ლოკომოტივში 3 სეზონი გაატარა. 2021 წელს "რკინიგზელთა" მაისურით 27-ჯერ ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ლოკომოტივი წამყვან ფეხბურთელების უმეტესობამ ფინანსური კრიზის გამო დატოვა. გუნდში პრობლემები მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვყეტილების შემდეგ გაჩნდა, რის გამოც გემბლინგ კომპანიებმა საფეხბურთო გუნდების დასპონსორებაზე უარი თქვეს.