ავტორიზაცია

"2024 წელს ფეხბურთი მკვდარი იქნებოდა", - პერესის სრული ინტერვიუ სუპერ ლიგაზე

"2024 წელს ფეხბურთი მკვდარი იქნებოდა", - პერესის სრული ინტერვიუ სუპერ ლიგაზე
თარიღი 20 აპრ 2021, 03:42

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა და უკვე ევროპის სუპერ ლიგის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა el Chiringuito-ს ეთერში ახალი ტურნირის დეტალებზე ისაუბრა.

ფლორენტინო პერესი გუნდების ზარალზე

საჭირო იყო, რომ ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ტოპ გუნდებს კრიზისის დროს რაიმე გამოსავალი მიეღოთ. იცით რომ ჩვენ გუნდებმა ჯამში 5 მილიარდ ევროზე მეტი დავკარგეთ? საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ და გეტყვით, რომ მხოლოდ მადრიდის "რეალმა" ამ პერიოდში 400 მილიონი ევრო იზარალა.

როდის დაიბადა სუპერ ლიგის იდეა?

როდესაც მატჩები ცარიელი ტრიბუნის წინ იმართებოდა და კლუბებს სატელვიზიო შემოსავლის მეტი არაფერი აღარ დარჩათ. ამ დროს ვიფიქრეთ, რომ საჭირო იყო ისეთი დონის შეხვედრები, რომლებიც გაცილებით მეტ მაყურებელს მიიზიდავდა. სწორედ ამ დროს გადაწყდა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად სუპერ ლიგის დაარსება. ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემოდა, რომ ის ზარალი აგვენაზღაურებინა.

"ძალიან ბევრი დაბალი დონის მატჩი იმართება"

ვფიქრობ, რომ ფეხბურთი უნდა განვითარდეს ისევე, როგორც კომპანიები, ტრადიციები და პუბლიკა ვითარდება. ვხედავდით, რომ ფეხბურთის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად მცირდებოდა და მაყურებელთა რიცხვიც უკან-უკან წავიდა. 16-24 წლის ახალგაზრდები ფეხბურთს არ უყურებენ, ახალგაზრდების 40%-ს არ აინტერესებს ფეხბურთი, ეს ყველაფერი სტატისტიკაა და შესწავლილია. გადავწყვიტეთ, რომ ამის შესაჩერებლად რაღაც უნდა გაკეთებულიყო. ახალგაზრდები ამ სპორტით აღარ ინტერესდებიან, რატომ? იმიტომ რომ, ძალიან ბევრი დაბალი დონის შეხვედრაა, რაც საინტერესო არ არის. არავის აქვს ჩემპიონთა ლიგის ყურების ინტერესი 1/4 ფინალებამდე. რა იწვევს ყველაზე დიდ ინტერესს? დიდი თამაშები! ჩვენ ვცდილობთ სპორტის გადარჩენას. არავის არ ესმის ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ის ვერ გადაარჩენს ფეხბურთს. 

"ვმდიდრდები თუ არა სუპერ ლიგით მე?"

რა ცვლილებაც არ უნდა განხორციელდეს, ამას ყოველთვის ჰყავს მოწინააღმდეგეები. ასე ხდება ახლაც და ასე ხდებოდა სანტიაგო ბერნაბეუს დროსაც, როდესაც მან ფეხბურთის ისტორია შეცვალა. რატომ არის სუპერ ლიგა უკეთესი? იმიტომ რომ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება. ვმდიდრდები თუ არა ამით მე? არა, "რეალი" ჩემი საკუთრება არ არის. ჩვენ ვცდილობთ უბრალოდ, რომ ფეხბურთი გადავარჩინოთ, რაც ამ ეტაპზე კრიტიკულ სიტუაციაშია. ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ ბევრი დაბალი დონის შეხვედრა იმართება. ცხადია, რომ "ბარსელონასა" და "მანჩესტერის" შეხვედრა უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე "მანჩესტერისა" და რომელიმე დაბალი დონის გუნდის.

"ეს ფეხბურთის გადასარჩენად კეთდება"

მთავარი მიზეზი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ის არის, რომ ჩვენ ფეხბურთის გადარჩენა გვსურს. ჩაკეტილი სისტემა? 5 გუნდი, ყოველწლიურად იქნება მოწვეული ტურნირზე. სევილია? მშვენიერი გუნდია.

UEFA და FIFA?

ვცდილობთ, რომ ეს ტურნირი რაც შეიძლება მალე დავიწყოთ. ვაპირებთ, რომ UEFA-სთან და FIFA-სთან მოლაპარაკებები გავმართოთ. ისინი ჩვენზე არ უნდა გაბრაზდნენ. UEFA ბოლო პერიოდში, ჩემპიონთა ლიგის სხვა ფორმატზე მუშაობდა, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. ეს გუნდების შემოსავლებს არ გაზრდიდა. ვიცი, რომ ეს ორგანიზაციები ფეხბურთელებს უკვე დაემუქრნენ, თუმცა მინდა მათ ვუთხრა, რომ წყნარად იყვნენ, რადგან ეს მუქარები არ შესრულდება, ამის გარანტიას გაძლევთ. ვფიქრობ, რომ UEFA უფრო გამჭირვალე უნდა იყოს, ამ ეტაპზე მათ არც თუ ისე კარგი იმიჯი აქვთ. არ მსურს, რომ ამ ეტაპზე ფაქტები მოვიხსენიო. მათ 2024 წლისთვის, ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ჰქონდათ, თუმცა 2024 წლისთვის ფეხბურთი უკვე მკვდარი იქნებოდა. ვიმეორებ, ამ პერიოდში გუნდებმა ასობით მილიონი იზარალეს.

მე ვიცი ლებრონ ჯეიმსის ხელფასი, რადგან ის საჯაროა, მაგრამ არ ვიცი უეფას პრეზიდენტის ხელფასი, რატომ? ისინი უფრო გამჭირვალე უნდა იყვნენ. პანდემიის დროს მე შევიმცირე ხელფასი, არამგონია უეფას ან ლა ლიგის პრეზიდენტს ეს გაეკეთებინათ. 

მიმდინარე სეზონიდან მოხსნა?

ვიტყვი, რომ მიმდინარე სეზონში ყველა გუნდი უსაფრთხოდ არის. არც UEFA და არც ტებასი (ლა ლიგის პრეზიდენტი) გუნდებს ჩემპიონატებიდან არ მოხსნიან.

არის თუ არა ეს მდიდრების ლიგა?

ევროპის სუპერ ლიგა არ არის მდიდრების ლიგა, არამედ ეს ლიგა შეიქმნა იმისთვის, რომ ფეხბურთი გადავარჩინოთ.

როგორ მოვიწვევთ დანარჩენ 5 გუნდს?

ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ქვეყნის წარმომადგენლები ვართ. ჯერ-ჯერობით არაფერია შეთანხმებული თუ როგორ მოვიწვევთ დანარჩენ 5 გუნდს. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ბარსელონას პრეზიდენტის დათანხმება
იყო თუ არა რთული ხოან ლაპორტას დათანხმება სუპერ ლიგაში ჩართვაზე? არა. ცხადია, მან მომენტალურად გაიგო ყველაფერი და ხელი მოაწერა დოკუმენტს.  "ბარსელონაც" ფინანსურად რთულ სიტუაციაში იმყოფება და ეს გეგმა გადაარჩენს ამ კლუბსაც და სხვებსაც.
ბაიერნი, პსჟ და სხვები
პსჟ, ბაიერნი და სხვა გერმანული კლუბები ჯერჯერობით ოფიციალურად არ მოგვიწვევია. ჩვენ არ გავაუქმებთ სუპერ ლიგას თუ ისინი არ შემოგვიერთდებიან - ეს ნონსენსია. ჩვენ გვეყოლება 15 გუნდი და კიდევ 5 დაგვემატება. ეს არ იქნება დახურული ლიგა, ეს 5 გუნდი ყოველ სეზონს ადგილს გამოიმუშავებს ლიგაში. ნებისმიერ გუნდს შეუძლია ლიგაში შემოსვლა, სევილია ერთ-ერთი მათგანია ვისაც შეუძლია აქ მოხვედრა. 
მსაჯები?
რა თქმა უნდა, სუპერ ლიგაზე VAR იქნება სხვა მხრივ კი ვეცდებით, რომ საუკეთესო არბიტრები მოვიწვიოთ. 
პრეზიდენტის პოსტი?
ხვალვე, მზად ვარ, რომ ეს პოსტი ხოან ლაპორტას (ბარსელონას პრეზიდენტი) გადავულოცო. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს დიდი სურვილი, რომ მაინც და მაინც მე ვიყო ევროპის სუპერ ლიგის პრეზიდენტი.

"სხვა გუნდებმა რაღა ქნან?" - დვალიშვილი სუპერლიგის წინააღმდეგია

გვიანი ჯერ კიდევ არ არის - ბაიერნს, პსჟ-სა და დორტმუნდს სუპერლიგაში გაწევრიანების დედლაინი დაუწესეს

"არსენალი და ტოტენჰემი სუპერლიგაში? სან-მარინოს ჩემპიონატის ყურება მირჩევნია", - ნევილი