Goal.Ge

"იტალიასთან ველით დავამტკიცოთ, რომ არ ვართ შორს 6 ერისგან" - ინტერვიუ გიორგი ნემსაძესთან



იტალიასთან ტესტ-მატჩამდე, რომელსაც მთელი ქართული სარაგბო თემი ელოდება, სამი კვირაღა რჩება. ამ შეხვედრას დიდი ინტერესით მხოლოდ ჩვენ არ ველით. ყურადღება მთელი სარაგბო სამყაროსგანაა მიმართული, რადგან ამ დაპირისპირებამ ბევრ კითხვის ნიშანს უნდა გასცეს პასუხი: რომელი გუნდია უფრო ძლიერი ამ ეტაპზე იტალია თუ საქართველო? რომელი იმსახურებს 6 ერში თამაშს? რამდენად საფუძვლიანია საქართველოს მოთხოვნა 6 ერის გაფართოებაზე და ა.შ.

რაც დრო გადის მღელვარებაც სულ უფრო მატულობს და ამ მატჩის შესახებ უფრო მეტი იწერება. იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა კონორ ოშიმ პირდაპირ განაცხადა, რომ მის გუნდს ბევრი აგდებულად უყურებს, რაც სწორი არაა და საქართველოსთან მატჩში ამის დამტკიცებას შეეცდებიან.

საქართველოს ნაკრებში იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არაა. "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ ორ ტესტში, იაპონიასთან და ფიჯისთან სუსტად ითამაშეს და მწარე მარცხები იწვნიეს, შესაბამისად ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ მომავალ მატჩებში გულშემატკივრები გაახარონ. თუმცა, ამის გაკეთება იოლი ნამდვილად არ იქნება: წინ ძლიერი მეტოქეები გველიან, ხოლო ნაკრებში არაერთი მნიშვნელოვანი მორაგბეა ტრავმირებული. დაშავებულნი არიან და ვერ ითამაშებენ, მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, მარცხენა ბურჯი კახა ასიეშვილი და შუამარბი დავით კაჭარავა. გარდა ამისა, ტრავმა აწუხებთ ნაკრების კაპიტანს მერაბ შარიქაძეს, რომელსაც იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია და ვიცე-კაპიტანს გიორგი ნემსაძეს. ორივე ამ მოთამაშის თამაშის საკითხი დღემდე ბოლომდე გარკვეული არ არის.

Goal.Ge უელსური "ოსპრეიზის" მორკინალს გიორგი ნემსაძეს დაუკავშირდა, რომელმაც შარიქაძის არყოფნაში "ბორჯღალოსნებს" ზაფხულის ტესტებზე და 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უკაპიტნა და სწორედ მან აღმართა ამ ტურნირის ტიტული და ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს შორის თამაშდება.

გიორგის კისრის ტრავმა აწუხებდა. როგორც მან აღნიშნა, თავს უკეთ გრძნობს და წესით იტალიასთან თამაში უნდა შეძლოს, თუმცა საბოლოო პასუხი სკანერზეა დამოკიდებული, რომელიც 10 დღეში უნდა გადაიღოს. მისი თქმით, ყველანი "აძურისთან" მატჩს მოუთმენლად ელიან და ამ მატჩში იმის დამტკიცებას აპირებენ, რომ საქართველოს ნაკრები 6 ერისგან შორს არაა.

34 წლის ნემსაძეს საქართველოს ნაკრების კვართით 82-ჯერ უთამაშია და 13 ლელო აქვს გატანილი. ის ძალზე კარგი მოსაუბრეა და თითქმის სამი საათის განმავლობაში არაერთ საინტერესო საკითხს შევეხეთ. იტალიასთან მოახლოებული ტესტის გარდა, ვისაუბრეთ მის კლუბზე, რომელიც პრო 14-ში ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება და უძლიერესი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, ვისაუბრეთ მომავალ მსოფლიო თასზე, ქართული რაგბის აქტუალურ პრობლემებზე, შესაძლო განვითარების გზებზე და ა.შ.

ყოველივე ამას, თავადვე შეგიძლიათ გაეცნოთ.

- პირველ რიგში შენი ჯანმრთელობის შესახებ გკითხავ. როგორც ვიცი კისრის ტრავმა გქონდა. ახლა როგორ ხარ? მოირჩინე ტრავმა?

- ტრამვა თითქმის აღარ მაწუხებს, ბევრად უკეთ მაქვს კისერი. 10 დღეში უნდა გადავიღო სკანერი, კონტროლის მიზნით და ის გვიჩვენებს საბოლოო პასუხს.

ანუ ნოემბრის ტესტებზე თამაშს შეძლებ?

- ჩვენი გუნდის სამედიცინო სტაფიც ძალას არ იშურებს ამისთვის. ამას ჩემი დიდი სურვილი ემატება და ალბათ შევძლებ. წესით მზად უნდა ვიყო, მაგრამ მაინც ბოლო სიტყვა სკანერზე არის დამოკიდებული.

- სანამ საქართველოს ნაკრებზე ვისაუბრებდეთ, "ოსპრეიზზე" ვისაუბროთ. ტრავმის მიღებამდე მიმდინარე სეზონში ერთი თამაში ჩაატარე და მეორე ხაზში ითამაშე, ხოლო წინა სეზონში ორჯერ მესამეხაზში იყავი. ანუ კლუბში მხოლოდ მეორეხაზელად არ მოგიაზრებენ?

- დიახ, ორივე პოზიციაზე მიწევს თამაში, რაც ჩემთვისაც უფრო საინტერესოა.

- გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა, ბრწყინვალე მოთამაშეები არიან შენი გუნდელები: ალან უინ ჯონსი, ჯასტინ ტიპურიკი, დენ ლიდიეტი, ბრედლი დევისი და ა.შ. როგორ მოქმედებს შენზე ასეთი კონკურენცია და ის, რომ შენი თანაგუნდელები ამ დონის მოთამაშეები არიან?

- კონკურენცია არის გაზრდის და პროგრესის საუკეთესო საშუალება. რა თქმა უნდა პირველ რიგში პატივი არის მათ გვერდით თამაში და სასიამოვნოა, მაგრამ ტრამვას როგორც კი მოვირჩენ ვეცდები ჩემი ადგილი დავიმკვიდრო მოედანზე, მეორე თუ მესამე ხაზში. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ არის კონკურენტი.

"იტალიასთან ველით დავამტკიცოთ, რომ  არ ვართ შორს 6 ერისგან" - ინტერვიუ გიორგი ნემსაძესთან

- ზემოთ ჩამოთვლილი მორაგბეების გარდა, არაერთი ვარსკვლავია შენს გვერდით. რომელი მოთამაშე იყო ისეთი, რომელმაც საკუთარი თამაშით განსაკუთრებით გაგაოცა "ოსპრეიზში"?

- შარშან, როცა "ოსპრეიზში" ვითამაშე შეუდარებელი იყო დენ ბიგარი, მაგრამ სამწუხაროდ წავიდა გუნდიდან. წლევანდელ სეზონს ძალიან მაგრად თამაშობს ჯასტინ ტიპურიკი, რომელიც გუნდის კაპიტანი გახდა წელს და როგორც ჩანს ამით პასუხისმგებლობა იგრძნო, წარმოუდგენლად კარგად თამაშობს, ამიტომ დიდი პაუზის მერე ისევ დაუძახეს უელსის ნაკრებში. კიდევ ძალიან კარგად თამაშობს ჯორჯ ნორთი და ალან უინ ჯონსი.

- პრო 14-ში ამჟამად მეორე ადგილზე ხართ, რა არის "ოსპრეიზის" მიზანი მიმდინარე სეზონში ყოფილ კელტების ლიგაში?

- როგორც თქვი, გუნდი ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული და ამიტომ მიზნებიც ძალიან მაღალია. მთავარი რა თქმა ჩემპიონთა თასის საგზურია, მაგრამ გარდა ამისა, მაღალ ადგილებს ვუმიზნებთ. სიბერეში ერთი საკლუბო ტიტული დამიმშვენებდა მკერდს (იცინის).

- ტიტულის მოპოვების შანსი ჩელენჯ ქაფზეც გაქვს. რას იტყვი ამ ტურნირზე? ორი ტურის შემდეგ ერთი მოგება და ერთი მარცხი გაქვთ. ვიცით, რომ ამ გათამაშებას ბევრი სერიოზულად არ ეკიდება, ამ მხრივ "ოსპრეიზისგან" როგორი დამოკიდებულებაა?

- გათამაშებას სერიოზულად არ უყურებენ ჯგუფურ ეტაპზე და თუ გავძვერით ჯგუფური ეტაპიდან მერე აუცილებლად მობილიზებას გააკეთებენ. თან ახლა ნაკრებში წავიდა 10 კაცი და გუშინდელი მარცხიც აქედანაც არის გამოწვეული.

- გიორგი, პრო 14-მდე ინგლისში და საფრანგეთში გითამაშია. პრო დ2-ის შედარება ამ ჩემპიონატებთან რთულია და საინტერესო იქნება პრო 14-ის და პრემიერშიფის შედარება. რომელი უფრო მოგწონს შენ და რომელს რა უპირატესობა გააჩნია?

- პრემიერშიფი და პრო14 ძალიან გავს ერთმანეთს, საკმაოდ მაღალ ტემპში და სწრაფი დაგეგმილი თამაში მიდის, ფაზური თამაში გრძელდება ხშირად 10-15 ფაზამდე. დაცვის ხაზი ისე სწრაფად ამოდის, რომ შეტევას თითქმის არაფრის დრო გაქვს, ამიტომ თამაში სულ ხაზზე და სისწრაფეში მიდის. ერთი სიტყვით, ძალიან მომწონს და საინტერესო რაგბი არის აქ. საფრანგეთში მე რა დონეზეც ვთამაშობდი, რთულია აქაური ჩემპიონატის შედარება.

- გიორგი, საკლუბოდან სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. 10 ნოემბერი ახლოვდება და მატულობს დაძაბულობა, ყველა რაგბის ქომაგი მოუთმენლად ელის იტალიასთან ტესტ-მატჩს. როგორი განწყობაა ბიჭებში, რას ელით იტალიაასთან მატჩისთვის?

- ნოემბერი ახლოვდება და ჩვენთვის რაგბიში სასიამოვნო პერიოდიც მოდის. ნაკრებში თამაში სხვა სიამოვნება არის. იტალიასთან ველით დავამტკიცოთ, რომ ჩვენ არ ვართ შორს 6 ერისგან და "მსოფლიო რაგბი" უნდა დავაფიქროთ იმაზე რომ იზრუნოს ქართული რაგბის განვითარებაზე. ამ შანსს დიდი ხანი ველოდით მთელი ქართული რაგბის თემი და კარგად უნდა გამოვიყენოთ. სამწუხაროა, რომ რამდენიმე ტრამვირებული მოთამაშე გვყავს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს არ შეგვეტყოს.

- მართალია თამაში იტალიაშია, მაგრამ როგორც ცნობილია, "არტემიო ფრანკიზე" ძალიან ბევრი ქართველი მოიყრის თავს. TBC ბანკის განცხადებით, 1000 კაცამდე მათგან გაემგზავრება ფლორენციაში, არაერთ ქომაგს უკვე ნაყიდი აქვს ბილეთი და ისინიც გაემგზავრებიან იტალიაში, გარდა ამისა, ადგილობრივი ჩვენებურებიც მოუთმენლად ელიან ამ მატჩს და გულშემატკივრობა მათგანაც გარანტირებული აქვს ჩვენს ნაკრებს. რაამდენად დიდი სტიმულია ეს თქვენთვის?

- გულშემატკივარი გადამწყვეტია ჩვენი ბიჭებისთვის. რა თქმა უნდა ეს დაგვეხმარება. ყოველთვის და ყველგან ვგრძნობთ ჩვენ გულშემატკივრების გვერდით დგომას. ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი.

- იტალიელთაგან განსაკუთრებით რას უფრთხი? რა კომპონენტში გამოარჩევდი მათ თამაშს და ასევე რომელ მოთამაშეს?

- როგორც ვიცით, იტალიელებს ორი გუნდი ჰყავთ პრო14-ში და ბოლო ორი წელია ძალიან მოუმატეს, კარგ, სწრაფ და სანახაობრივ რაგბს თამაშობენ და ჩემი აზრით ეცდებიან ეს გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ. გამორჩევით უდაოდ მათი ლიდერი და საუკეთესო მოთამაშე არის სერჯო პარისე, ათლეტი სწრაფი და ტექნიკური. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

- იტალიური ფრანჩიზები ახსენე და როგორ ფიქრობ, არ მოვიდა იმის აუცილებლობა, რომ ერთი ასეთი ქართული კლუბიც გაკეთდეს და დაემატოს პრო 14-ს?

- მეტიც მე ვფიქრობ, რომ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის. ფრანგული კლუბები მეტნაკლებად დაიკეტა ჩვენთვის. ინგლისში წასვლა ისედაც რთულია, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის. თუ ეს არ მოხდება, ვფიქრობ რომ რეგრესი გარდაუვალი არის. კლუბი ჰაერივით საჭიროა ჩვენთვის.

- წინა კვირაში ერთმანეთს სწორედ იტალიური და ქართული კლუბები დაუპირისპირდნენ, სადაც "ლოკომოტივი" "კალვიზანოსთან" დამარცხდა. როგორ ფიქრობ, რა იყო მარცხის მიზეზი? უშუალოდ იტალიის შიდა ჩემპიონატის დონეც დიდ 10-ზე მაღალია შენი აზრით?

- იტალიის შიდა ჩემპიონატის ვერაფერს შესახებ ვერ ვიტყვი, რადგან არასდროს მინახავს იქაური თამაშები, მაგრამ "კალვიზანომ" უკეთესი რაგბი აჩვენა ამ თამაშზე. ამიტომაც არის საჭირო ევროტურნირები, რომ დაგვანახოს სად ვართ და რა გვჭირდება. ჩვენს თავზე უნდა ვიმუშაოთ და ვეცადოთ, დიდი 10-ის ტემპი და სისწრაფე უფრო ავწიოთ. დღევანდელი რაგბი სისწრაფეზეა აწყობილი. მარტო ფიზიკური ძალა აღარაფერს ნიშნავს, დიდ 10-ში პროგრესი ჩანს, მაგრამ მეტი გვჭირდება.

- ამისთვის კი ფინანსებია საჭირო, რომელიც სამწუხაროდ არ ჩანს. "ლოკომოტივის" გასვლა-არგასვლის საკითხი ბოლო წუთამდე სათუო იყო და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბმა სესხით შეძლო კონტინენტის ფარზე გასვლა. როგორ ფიქრობ, რა უნდა მოხდეს, რომ კერძო სექტორი მეტად დაინტერესდეს საკლუბო რაგბით?

- ალბათ შესაბამისი კანონი უნდა მივიღოთ, რომ კერძო სექტორი დაინტერესდეს სპორტით. ფინანსები ყოველთვის მეტი არის საჭირო. ვფიქრობ, როცა შენი ქვეყნის გუნდი ევროტურნირებზე გადის და ბიზნესმენი გქვია, უბრალოდ გვერდში დგომაც საკმარისი უნდა იყოს ჩემი აზრით. ეს არის არამარტო რაგბის, არამედ ქვეყნის გვერდით დგომა და დახმარება.

- იტალიასთან მატჩის შემდეგ, თბილისში სამოასთან და ტონგასთან ტესტები გველის. პარასკევს გავიგეთ, რომ სამოასთან მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართება, რომელიც დაახლოებით 4000 მაყურებლაამდე იტევს, რადგან დიდი სტადიონები დაკავებულია. შენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართულ რაგბს ერთი დიდი სტადიონი ჰქონდეს, რომელიც 20 000 ქომაგს მაინც დაიტევს?

- ეს ნათელი მაგალითია ამისთვის. წარმოიდგინეთ სამოასთან თამაში და 4000 მაყურებელი მხოლოდ?! ეს ჩვენზეც ცუდად მოქმედებს რა თქმა უნდა. საკუთარი სტადიონი რომ გვქონდეს, ეს პრობლემა არ დადგებოდა. იყო საუბარი, რომ უნდა აშენებულიყო, მაგრამ მიჩუმდა რატომღაც.


- გიორგი, შენზე რომ იყოს დამოკიდებული, რომელს აირჩევდი, ახალ სტადიონს, თუ ქართულ ფრანჩიზს პრო 14-ში?

- სასიამოვნოდ გამეცინა. რა თქმა უნდა ქართულ ფრანჩაიზს პრო14-ში. ეს იქნებოდა ჩვენთვის იმხელა ნახტომი... ეს რომ გაკეთდეს, დარწმუნებული ვარ 5-7 წელიწადში ფიჯი, ტონგა, სამოა ჩვენთვის იქნება დაბალი დონის მეტოქე და თანაბარ თამაშებს ვეთამაშებოდით ნებისმიერ ევროპულ გუნდს.

- ფიჯი ახსენე და დღეს მათმა კლუბმა "ფიჯი დრუამ" ავსტრალიის ჩემპიონატში პლეი-ოფში მოიგო და ფინალში გავიდა, იქამდე კი რეგულარული ჩემპიონატი მოიგო. იქით იაპონური "სანვულვზი" სულ უფრო მაგრად გამოდის სუპერ რაგბიში, ლაპარაკია იმაზეც, რომ შეიძლება მალე კუნძულოვანი ქვეყნების ფრანჩიზი შეიქმნას და ზე რაგბის დაემატოს. მოკლედ, ამ მხრივ ყველა ვითარდება. შენი აზრით, რა უნდა დავუპირისპიროთ ასეთ გუნდებს, როდესაც ჩვენი კლუბები მაღალი დონის საკლუბო გათამაშებაში არ თამაშობენ?

- მე ვფიქრობ, რომ როგორმე უნდა მოვიძიოთ სახსრები და ფრანჩიზი უნდა გაკეთდეს. იაპონიის მაგალითი მოიყვანე, უკვე რამდენჯერ მითამაშია იაპონიის წინააღმდეგ და წელს ეს სულ სხვა გუნდი იყო უკვე, არცერთი შეცდომა არ გვაპატიეს. პრო14 და ფრანჩიზი არის გამოსავალი ჩემი აზრით, უფრო დაბალი ტურნირი რაღაც დონეზე დაგვეხმარება ალბათ გასავითარებლად, მაგრამ არა მსოფლიო დონის გუნდებთან სათამაშოდ,
რისი ამბიციაც ჩვენ გვაქვს ნაკრებში.

- არის ლაპარაკი ახალ ტურნირის ჩამოყალიბებაზე, სადაც რუსული, ქართული და რუმინული კლუბები ითამაშებენ. ამ ტურნირში მონაწილეობაზე საუბარი რომ არის, ეს რაგბის კავშირიდანაც დაადასტურეს. შენ როგორ ფიქრობ, ასეთი ტურნირი განვითარებისთვის რამდენად წაადგება ქართულ რაგბს?

- აუცილებლად წაადგება, მაგრამ რაღაც ეტაპზე და მერე ისევ უკეთესი იქნება საჭირო. სხვა ინტერესი ექნება ამ ტურნირს და სხვა მოტივაცია მოთამაშეებიც უფრო მოტივირებულები მოემზადებიან. კარგი იქნება თუ გაკეთდება გუნდი, როგორც ნაკრები და ყველას ექნება შანსი დიდი 10-დან იმ გუნდში მოხვედრის, ვინც თავს გამოიჩენს. ეს კიდევ დამატებით კონკურენციას გაზრდის და ხარისხს კიდე ასწევს.

- როგორც ვახსენეთ იტალიის მერე, ტონგა და სამოაა. ამ მეტოქეებს ჩვენ კარგად ვიცნობთ, რას იტყვი მათზე?რა არის ჩვენი ნაკრების მიზანი მათთან მოახლოებულ მატჩებში?

- ხუმრობთ? რა თქმა უნდა გამარჯვება ნებისმიერ თამაშში, თან როცა თამაშები საქართველოშია, სახლში, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ. ჩვენ ხომ საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს ?! რომლებიც ყოველ წამს ამჟღავნებენ და გვიმტკიცებენ ერთგულებას. ჩვენც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ მათთან ერთად.

- ახლა ოკეანეთის ამ ორ წარმომადგენელს ვხვდებით, ზაფხულში კი ფიჯისაც ვეთამაშეთ, რომელიც მსოფლიო თასზე ჩვენი მეტოქეა. შეადარე ეს ქვეყნები, რომელს თვლი ყველაზე ძლიერად ამათგან და რატომ?

- ფიჯი ჩემი აზრით ყველაზე ძლიერია და დეტალებზე რომ აღარ ვილაპარაკო, მოედანზე თითქმის ყველა ვარსკვლავი ჰყავთ. ინდივიდუალურობა ამ სამივე გუნდისთვის დამახასიათებელია და ფიჯი ამ მხრივ ორივეს ჯობია. სამოას მგონია, რომ ცოტა კრიზისი აქვს. თაობათა ცვლა კარგად ვერ აეწყოთ და ტონგას მგონია, რომ ასეთი კარგი გუნდი არასდროს ყოლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს პირველი ფიჯია, მერე ტონგა და ამ ბოლო დროს სამოა ძალიან ჩამორჩა ამათ.

- გიორგი, აქამდე ნაკრების არაეთ მორაგბესთან მისაუბრია და ყველას ერთხმად უთქვამს, რომ მსოფლიო თასზე მიზანი 2 მატჩის მოგება. დარწმუნებული ვარ, რომ შენც იგივეს იტყვი და პირდაპირ გკითხავ, რის ხარჯზე გეგმავთ ფიჯის დამარცხებას, რომელიც თავის მხრივ საერთოდ ჯგუფიდან გასვლას უმიზნებს და ამის გამოცდილება აქვთ კიდეც 2007 წელს, როდესაც სწორედ უელსი ჩატოვეს ჯგუფში, რომელიც ასევე ჩვენთან ერთადაა.

-როგორც აღვნიშნე, ფიჯი ძალიან ინდივიდუალური გუნდია და ცდილობენ, თითოეულად გააკეთონ უპირატესობა. უნდა ვეცადოთ, გუნდურად და სწრაფი ხაზით დავუკეტოთ სივრცეები და ეს გუნდი კარგავს თავის ხიბლს და შესაძლებლობებს, როგორც კი შეუზღუდავ სათამაშო სივრცეებს.

- შენი აზრით, რა იყო ზაფხულში მარცხის მიზეზი ფიჯისთან?

- ალბათ ვერ მოვემზადეთ კარგად, პირველ როგში მენტალურად, სამწუხაროდ. თუმცა, კარგი იყო იმ ყველაფრის დანახვა, თუ რას შეიძლება შევეჯახოთ მსოფლიო თასზე. თუ განვითარება გვინდა, პირველ რიგში უნდა ვეძიოთ პრობლემები საკუთარ თავში და ამ ტურნირმა ალბათ დაგვანახა სად გვიჭირს. ჩვენ ასე უნდა მივუდგეთ საქმეს: ან ვიგებთ ან ვსწავლობთ რაიმე ახალს. ამ თამაშებმა მგონია, რომ ბევრი რამე გვასწავლა.

- 11 თვეზე დარჩა ზუსტად მსოფლიო თასის დაწყებამდე... საქართველოს ნაკრების მიზანი გასაგებია და ზოგადად რას ელი მომავალი მსოფლიოსგან? რომელი ნაკრებისგან ელი რაიმე სიურპრიზს და ვინ მიგაჩნია ოლ ბლექსის მთავარ კონკურენტად?

- ახალ ზელანდიას გამოუჩნდა უკვე კონკურენტი - სამხრეთ აფრიკა. ირლანდიის ნაკრებისგან ველი დიდ სიურპრიზებს, ეს ნაკრები ყოველთვის ფავორიტი იყო ჩემთვის. უელსის ნაკრებიც მიზიდავს, მაგრამ ახლა უკვე ჩემი მეტოქეა და სხვა არაფერი.



- მსოფლიო რაგბი აქტიურად ფიქრობს, რომ 2023 წლისთვის მსოფლიო თასზე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაიზარდოს. შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე? უნდა დაემატოს ტიერ 3-ის (მესამე დონის) გუნდები?

- კი აუცილებლად. შანსი ყველას უნდა მიეცეს განვითარებისთვის. თუ ჩვენ გვინდა, რომ რაგბი უფრო გლობალური სპორტი გახდეს, აუცილებლად ფართოდ უნდა გავშალოდ ხელები და ყველა მივიღოთ. როგორც ჩვენ დღეს გვინდა დახმარება და ვაბრახუნებთ დახურულ კარზე, ისე არ უნდა მოუვიდეს სხვებსაც. განვითარების შანსი ყველას უნდა მიეცეს.

- ისევ იტალიასთან მატჩს რომ მივუბრუნდეთ. მსაჯობის შესახებ ბევრი შიშობდა. ახლა კი გავიგეთ, რომ ახალზელაანდიელი გლენ ჯექსონი გვიმსაჯებს. რას იტყვი ამ მსაჯის შესახებ და როგორ მსაჯობას მოელი იტალიასთან?

- როგორც მსაჯი ძალიან კარგი სპეციალისტია. არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულს, ალბათ ჩვეულებრივი მსაჯობა იქნება. ვიმედოვნებ, რომ არანაირი ფსიქოლოგიური მომენტი არ მოახდენს გავლენას მსაჯზე.

- შენი აზრით, შეუძლია იტალია-საქართველოს ტესტში დაფიქსირებულ შედეგს 6 ერის ფორმატის შეცვლაზე იმოქმედოს?

- ჩემი აზრით ეს საერთოდ არაფერს შეცვლის 6 ერის ფორმატში.

- თუ დავანახეთ მსოფლიოს, რომ იტალიას ვჯობივართ, მაინც არა?

- 6 ერში მე ვფიქრობ, რომ უახლოესი წლების მანძილზე არაფერი შეიცვლება. თუ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ვჯობივართ იტალიას, ეს მოგვცემს ალბათ უკეთესი ტესტების საშუალებას. ნოებრის ტესტებზე და ზაფხულის ტურნირებზე უფრო ხშირად მოგვცემენ შანსს, ვეთამაშოთ პირველი დონის ნაკრებებს.

- ბევრი ვისაუბრეთ ქართული რაგბის განვითარების გზებზე და ამის საჭიროებაზე და რა თქმა უნდა 20-წლამდელებიც უნდა ვახსენოთ, რომლებმაც ამ მსოფლიოზე 3 თამაში მოიგეს და აქედან 2 მატჩი 6 ერის გუნდებს მოუგეს. შარშან კი არგენტინას. შენი აზრით, რის ხარჯზე მოვახერხეთ ამ დონის ქვეყნების დამარცხება?

- პირველ რიგში დიდი შრომის ხარჯზე. ეს არ იყო ერთი და ორი დღის შრომა. გავიზარდეთ და ბევი რამ ვისწავლეთ, როგორც მწვრთნელებმა, ასევე მოთამაშეებმა. ბიჭებმა გაიარეს არანორმალური მომზადება და იშრომეს ძალიან ბევრი. სამწვრთნელო შტაბის თავგადადებული შრომა ასევე და კიდევ თაობა არის ძალიან კარგი.


- და როგორ ფიქრობ, 20-წლამდელთაგან, ვინ არის ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ?

- ამაზე ლაპარაკი მგონია, რომ ჩემგან არასწორია, ეგ მწვრთნელების კომპეტენცია არის.

- კარგი, მაშინ უშუალოდ გურამ გოგიჩაშვილზე შეგეკითხები. ეს ბიჭი ყველას გვაოცებს, რამდენიმე თვის წინ იმასაც ვერ ვიტყოდით, რომ "ლოკომოტივის" ძირითადის წევრიაო, ხოლო "რასინგ 92"-ში გადასვლიდან სამ-ოთხ თვეში ის უკვე ზედიზედ მერამდენე მატჩია ძირითადში თამაშობს. როგორ ფიქრობ, რანაირად მიაღწია ამ ბიჭმა ასეთ წარმატებას ასეთ პატარა ასაკში და ასეთ მოკლე დროში?

- ხშირად მესმოდა მაგ ბიჭის სახელი და ისიც გამიგია, რომ ბევრს შრომობდა. ალბათ ყველაფრის მიზეზი ეს არის. მილტონ ჰეიგის ინტერვიუში ვნახე, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში არის და ვნახოთ როგორ გადაწყვეტენ.

- და ბოლოს, რას ეტყვი იმ გულშემატკივარს, რომელსაც შენი და მთლიანად ჩვენი ნაკრების სჯერა და იმედიანად ელოდება უახლოეს შეხვედრას იტალიასთან...

- პირველ რიგში დიდ მადლობას და ყოველთვის ვგრძნობ მათ გვერდით დგომას. ჩემთვის და ალბათ ყველა სპორტსმენისთვის გულშემატკივარი განსაკუთრებული ძალა არის. ბევრჯერ მითქვამს, რომ თქვენ ჩვენი სტიმული ხართ და ბოლოს, როცა უკვე ყველას ძალა და ენერგია გამოცლილი გვაქვს, მოედანზე თამაშის მიწურულს თქვენი გუგუნი, ხმაური და გვერდით დგომა იგრძნობა და ჩათვალეთ თქვენ აკეთებთ მოედანზე იმ ბოლო ბოჭვებს და იმ ბოლო შეტევებს. როცა ჩვენ ამის ძალა გველევა, თქვენი ძალა გვეძლევა. ერთად ჩვენ კიდევ ბევრს მივაღწევთ.

ავტორი: ირაკლი ალიმბარაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მორატას საუკეთესო შედეგი ევროპაში

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ალვარო მორატამ თავი პირველივე მატჩში გამოიჩინა.

დღეს, 03:47

სიმეონე: "ჟოაო ფელიშმა დაგვანახა, თუ რა შეუძლია"

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 03:44

ტიაგო სილვა: "ნეიმარის არ ყოფნა ჩვენს წაგებასთან არაფერ შუაშია"

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "პსჟ" "რენთან" სენსაციურად დამარცხდა.

დღეს, 03:35

დანი ალვეში ბრაზილიაშიც დაფრინავს - სადებიუტო გოლი სადებიუტო მატჩში [VIDEO]

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "სან პაულუ" "ჩეარას" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:47

ლამპარდი: "ლესტერთან ფრე უფრო მძიმეა, ვიდრე მანჩესტერთან 4:0 წაგება"

ფრანკ ლამპარდის ხელმძღვანელობით ლონდონის "ჩელსიმ" კვლავ ვერ მოიგო და "ლესტერთან" ფრე ითამაშა.

დღეს, 02:42

დე ბრუინი: "ეს მხოლოდ დასაწყისია"

პრემიერ ლიგის პირველ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემთან" ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:38

ზე რობერტო: "კოუტინიო ბაიერნში ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც ლივერპულში იყო"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილიელი კოუტინიო იჯარის წესით მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს.

დღეს, 02:35

დავითაშვილი: "რუსულს ვსწავლობ და მალე კითხვებს ამ ენაზე ვუპასუხებ"

რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის "რუბინმა" "არსენალ ტულას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:30

სენსაცია: პსჟ-მ სეზონის პირველი მარცხი განიცადა [VIDEO]

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი "პსჟ" მეორე ტურში "რენს" დაუპირპისპირდა.

დღეს, 02:25

ფელიშის ბრწყინვალე დებიუტი - ატლეტიკომ პირველი მატჩი მოიგო [VIDEO]

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" თანაქალაქელ "ხეტაფეს" დაუპირისპირდა.

დღეს, 02:18

ფელიშის გასაოცარი ეპიზოდი გუშინდელი მატჩიდან [VIDEO]

ლა ლიგის მატჩში "ატლეტიკომ" "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:09

ვაკო გვილიამ ლეგიაში მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ლეგიასა" და "ზაგლემბეს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

გუშინ, 23:25

რეალის უკანასკნელი მცდელობა - რა ბედი ელის პოგბას?

"რეალის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას არ ეშვება.

გუშინ, 23:20

რომელი ფეხბურთელები მოითხოვა პსჟ-მ? - რეალის პასუხი ცნობილია

მოგეხსენებათ, "რეალი" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელ ნეიმარისადმი იჩენს ინტერესს.

გუშინ, 23:07

მანჯუკიჩი ბაიერნში? - საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია

"ბაიერნის" ბოსებმა "იუვენტუსის" თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

გუშინ, 22:57

დიდი რეგრესი - რომელ კლუბში სურს გადასვლა როხოს?

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, მარკოს როხოს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა.

გუშინ, 22:52

ოფიციალურად: ბალოტელი ახალ კლუბში გადავიდა

ცნობილი იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ახალ კლუბში ოფიციალურად ჩაირიცხა.

გუშინ, 22:32

ბარსელონა კიდევ ერთ ფეხბურთელს უშვებს?

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "ბარსელონა" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს.

გუშინ, 21:59

ოფიციალურად: ბაიერნმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

მიუნხენის "ბაიერნმა" მიმდინარე ზაფხულს კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელება დაადასტურა.

გუშინ, 21:55

ცნობილია თანხა, რომელსაც ბაიერნი ბარსელონას გადაუხდის

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო "ბაიერნში" გაანათხოვრა.

გუშინ, 21:50

"ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა", - გრიზმანის ექს-მრჩეველის სკანდალური განცხადება

"ბარსელონას" თავდამსხმელის ექს-მრჩეველი, ერიკ ოლა მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი "ატლეტიკოს" ცუდად მოექცა.

გუშინ, 21:45

ლამპარდის ცუდი სტარტი - ჩელსიმ შინ ლესტერს ვერ მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" "ლესტერი" მიიღო.

გუშინ, 21:29

სტუმარი მომავლიდან? - წინასწარმეტყველება სოლსკიაერზე, რომელიც გამართლდა

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ჯერ კიდევ 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატუსზე გაამახვილეს ყურადღება.

გუშინ, 20:59

იკარდის პრიორიტეტული კლუბი - რა ბედი ელის არგენტინელს?

"ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის სიტუაციაზე ახალი ცნობები ვრცელდება.

გუშინ, 20:51

99%-ით გადაწყდა: ინტერი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მილანის "ინტერი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 20:44

სარი ემრე ჯანს უშვებს - გერმანელის შეძენა ორ გრანდს სურს

არ არის გამორიცხული, ამ ზაფხულს ემრე ჯანმა "იუვენტუსი" დატოვოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:36

"მანჩესტერში გადასვლა შემეძლო", - კევინ-პრინს ბოატენგის ისტორია

კევინ-პრინს ბოატენგმა განაცხადა, რომ 2013 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შეეძლო.

გუშინ, 20:31

სუპერ შეთავაზება ინტერს - იკარდი ახალ კლუბს უახლოვდება?

როგორც ჩანს, "ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის "იუვენტუსში" ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.

გუშინ, 19:47

შეთანხმება მიღწეულია - სანჩესი ახალ კლუბში გადადის

როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბს მაინც დატოვებს.

გუშინ, 19:42

"ნათელია, მეტი მსურს", - შაქირი ლივერპულს ტოვებს?

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ხერდან შაქირიმ უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა.

გუშინ, 19:37

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10